„ევროპაში, როდესაც ინფლუენსერი გიყვება, კონკრეტულ კოსმეტიკურ საშუალებაზე, მათ აქვთ მითითებული რა პროდუქციაზეა საუბარი და დაფინანსებულია თუ არა ეს პროდუქტი“, – ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა.
„ევროპაში და აშშ-ში მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით კანონმდებლობისა და მისი აღსრულების მაღალი სტანდარტებია. მომხმარებელს უფლება აქვს, კონკრეტულ პროდუქტზე, რომელზეც ინფლუენსერი საუბრობს, იცოდეს, ამით ის აკეთებს თუ არა კონკრეტული პროდუქტის რეკლამას. ინფლუენსერის მიწოდებული ინფორმაცია თუ აღმოჩნდა რომ არ შეესაბამება მოყვანილ აღწერილობას თუ შემოთავაზებას, მომხმარებელს, რომელიც მიწოდებული რეკომენდაციით გამოიყენებს პროდუქტს, უნდა ქონდეს საკუთარი უფლების დაცვის საშუალება. მსგავსი, კონკრეტული ქეისი საქართველოში არ გვქონია, თუმცა საკითხიდან და მომხმარებელთა აქტიურობიდან გამომდინარე შეიძლება მომავალში ამასთან დაკავშირებით მსჯელობა გაიმართოს.
ევროპაში, როდესაც ინფლუენსერი გიყვება, კონკრეტულ კოსმეტიკურ საშუალებაზე, რამდენად სასარგებლოა და საოცრებებს აკეთებს, მათ აქვთ მითითებული რა პროდუქციაზეა საუბარი და დაფინანსებულია თუ არა ეს პროდუქტი. ეს არის მომხმარებლის უფლება, რათა მეტი ინფორმაცია ქონდეს.
ინფლუენსერთა სფერო მზარდია, ალბათ მომავალშიც ფართოდ იქნება წარმოდგენილი და მომხმარებლებიც თუ დაინახავენ პრობლემას საკითხთან დაკავშირებით, აქვთ უფლება რომ მოგვმართონ. ამ ნაწილში იყო კონსულტაციები გამართული, მაგრამ მსგავსი ქეისი, როგორც ევროპაში, ჯერ არ გვქონია“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
