მხარეები უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესაძლებლობების განსახილველად შეიკრიბნენ, თუმცა უკრაინის ოფიციალური პოზიციაა, რომ ისინი არ ცნობენ შეთანხმებებს, რომლებშიც უკრაინა არ არის ჩართული.
შეხვედრაზე ამერიკულ მხარეს წარმოადგენდნენ – სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვოტკოფი.
რაც შეეხება რუსულ მხარეს, ერ-რიაში იმყოფებიან – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თანაშემწე საერთაშორისო საკითხებში იური უშაკოვი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ Reuters-მა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანის ტემი ბრიუსეს განცხადება გამოაქვეყნა, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი – ერთადერთი მშვიდობისმყოფელი ლიდერია, რომელსაც შეუძლია რომ უკრაინა-რუსეთის ომი დაასრულოს და ჩამოთვალა მოლაპარაკებების შედეგები, კერძოდ, მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ:
· შეიქმნას საკონსულტაციო მექანიზმი აშშ-რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებში “გამაღიზიანებლების” აღმოსაფხვრელად, რათა გადადგმული იყოს გადაუდებელი ნაბიჯები დიპლომატიური მისიების აღსადგენად
· შეიქმნას მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან შემდგარი გუნდები, რომლებიც იმუშავებენ, რომ მოილაპარაკონ უკრაინაში ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაზე – ისე, რომ კონფლიქტის დასრულება იყოს მდგრადი, ხანგრძლივი და მისაღები ყველა მხარისთვის
· შეთანხმდნენ, მომავალში ითანამშრომლონ გეოპოლიტიკურ ინტერესებთან და საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებულ შესაძლებლობებზე, რომლებიც უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ გაჩნდება.
· გაგრძელდეს მუშაობა იმისთვის, რომ პროცესი დროულად და პროდუქტიულად წარიმართოს
შეხვედრის შემდეგ მარკო რუბიომ თქვა, რომ მოლაპარაკებების მიზანი კონფლიქტის სამართლიანად დასრულებაა.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებების მიზანი არის ამ კონფლიქტის დასრულება სამართლიანად, გრძელვადიანად და მდგრადად და ისე, რომ ეს ყველა ჩართული მხარისთვის მისაღები იყოს. როგორ იქნება ეს? სწორედ ამას შეეხება მოლაპარაკებები”, – თქვა მარკო რუბიომ.
