თუ არ დამიბარებენ, თავიანთი მომხრეების თვალშიც დასაცინები გახდებიან – ბოკერია „ოცნების“ კომისიაზე

პარტია „ფედერალისტების“ თანადამფუძნებელი აცხადებს, რომ თუკი „ქართული ოცნების“ პარლამენტში საგამოძიებო კომისიაზე არ დაიბარებენ, საკუთარი მხარდამჭერების „დასაცინები გახდებიან“, ხოლო თუ დაიბარებენ, იგი ამ „კლოუნადაში“ მონაწილეობას არ მიიღებს.
„კითხვა დამისვეს, დაგიბარეს თუ არაო და ჯერჯერობით მე არ გამიგია, არც მომსვლია [შეტყობინება]… მგონი, არავის მისვლია, მაგრამ საჯაროდ ახსენეს რამდენიმე გვარი წინა ხელისუფლებიდან და მე არ ვუხსენებივართ“, – თქვა გიგა ბოკერიამ 18 თებერვალს თავის ფეისბუკგვერდზე პირდაპირ ეთერში.
„მე თუ არ მახსენებენ და არ დამიბარებენ ამ კომისიაზე, ივანიშვილის რეჟიმის ყველაზე აგრესიული მომხრეების თვალშიც კი დასაცინები გახდებიან. მე თუ არ მიბარებენ, აბა, რაზეა ხომ საერთოდ ლაპარაკი?“ – აცხადებს გიგა ბოკერია და განმარტავს:
„არა იმიტომ, რომ ჩემს როლს ვუსვამ ხაზს წინა ხელისუფლების დროს – ამ შემთხვევაში ამას ან რაიმე განსაკუთრებულობას არ ვგულისხმობ, – უბრალოდ, მათი პროპაგანდა წლების განმავლობაში ასე, ჩემი გვარის რეჟიმად იხსენიებდა, ტყუილ-მართალში აზელილ პოლიტიკურ ბრალდებებსა და მთლიანად სიცრუეზე დამყარებულ კონკრეტულ ბრალდებებს ისროდა. ამას დღემდე აგრძელებენ სხვადასხვა დოზით“.
„ამ დროს თუ მე არ მეძახით მაგ კომისიაზე, ანუ პირდაპირ თქვენით აცხადებთ, რომ ეს კლოუნადაა და სხვა მოსაზრებებით არჩევთ [ადამიანებს]. ხოლო თუ დამიბარებენ, რა თქმა უნდა, დემონსტრაციულად ამ კლოუნადაში, ამ არალეგიტიმურ პარლამენტში არანაირ მონაწილეობას არ მივიღებ. ლეგიტიმურიც კი რომ ყოფილიყო, – ან ასეთი მკაფიო არ ყოფილიყო მათი არალეგიტიმურობა, – მაინც არ მივიღებდი მონაწილეობას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.