„თბილისი დრაი პორტისთვის“ 2025 წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მშენებლობის პირველი ფაზა დასასრულს უახლოვდება და მომდევნო 2 თვის განმავლობაში დაგეგმილია პორტის გახსნა, – ამის შესახებ აღნიშნულია Tbilisi Dry Port-ის განცხადებაში.
„პროექტის მნიშვნელობას და მასშტაბს ხაზს უსვამს ისიც, რომ წინა კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „აბუ-დაბის პორტების ჯგუფის“ მენეჯმენტს შეხვდა სათავო ოფისში, რაც იყო საპასუხო შეხვედრა 2024 წლის ოქტომბერში თბილისში გამართულ მოლაპარაკებებზე, როდესაც არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობის წევრები და AD Ports Group-ის ხელმძღვანელობა ოფიციალურად ეწვია საქართველოს.
შეხვედრაზე აღინიშნა ჯგუფის მსხვილი ინვესტიცია “თბილისი დრაი პორტის” პროექტში და ამ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის მნიშვნელობა. ეს პროექტი საქართველოს, როგორც საერთაშორისო ლოგისტიკური ჰაბის როლს კიდევ უფრო გააძლიერებს და სავაჭრო გზების ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს.
თბილისი დრაი პორტი როგორც AD Ports Group ნაწილი აგრძელებს აქტიურ მუშაობას, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ახალ სიმაღლეებზე ავიდეს!“, – აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, AD Ports Group-მა „თბილისის მშრალი პორტის“ შეძენის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. შედეგად არაბული ჯგუფი 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორი გახდა. ახალ ლოგისტიკურ ცენტრს AD Ports Group-ის ლოგისტიკური კლასტერი მართავს.
