ბევრი თავქარიანი ევროპელი პოლიტიკოსი დღემდეა საქართველოს შემოჩვეული,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსი თავს უფლებას აძლევს, საქართველოს პოლიტიკაში ჩაერიოს და „ხელები აფათუროს“.
„მოვლენა არ ხდება საქართველოში, რომ მათი ღრმად არაკომპეტენტური აზრი არ მოგვახსენონ სხვადასხვა განცხადების სახით, დღეგამოშვებით ხან რომელ ტელევიზიას ერთვებიან და ხან რომელს, „არამკითხე მოამბეებივით“ ეჩრებიან ქართული საზოგადოების ცხოვრებაში. ჩვენ მათ არ ვაწუხებთ, მათი საზოგადოების ცხოვრებაში არ ვერევით. ეს არის სუვერენიტეტის პატივისცემა, ამიტომ, ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები სხვადასხვა ქვეყნებმა არ აღიარეს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს დაუჭირეს მხარი. შალვა პაპუაშვილმა მათ დაფიქსირებული პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ რასაც დღეს ზოგიერთი ქვეყანა აკეთებს, ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის უპატივცემულობა.
„ყველა აი, ამ უცხოურ უწყებას მინდა შევახსენო, იმ წინადადებაზე დაფიქრდნენ, რასაც წერენ, რამდენად გულწრფელი არიან იმ სეგმენტში, რასაც სუვერენიტეტის პატივისცემა ჰქვია. რასაც დღეს უცხოური ხელისუფლება აკეთებს, ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის უპატივცემულობა, პირდაპირ ხელების ფათური ჩვენს პოლიტიკაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ხალხი, რომელმაც ხაჭაპურის იქით, საქართველოს შესახებ არ იცის, ზოგი შორი ტექსტებით გველაპარაკება, ზოგი აქ ჩამოდის და მიტინგზე დგება. რატომღაც თავს უფლებას აძლევს, უცხო ქვეყნის, უცხო საზოგადოების ცხოვრებაში ჩაერიოს. ქართველი ხალხი არ კადრულობს იმას, რომ ჩაერიოს ესტონელი, ლიეტუველი თუ ჩეხი ხალხის შიდა საზოგადოებრივ საკითხებსა თუ პოლიტიკაში. ამიტომ, ნურც ამ ქვეყნის ზოგიერთი წარმომადგენელი ჩაერევა ჩვენს ცხოვრებაში. „დათა თუთაშხიას“ ციტირებას ვერ მოვახდენ, მაგრამ მაინც და მაინც თუ აინტერესებთ, შეუძლიათ გადაიკითხონ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
