დასავლეთის ქვეყნები რუსული ნავთობის ექსპორტი შეზღუდვას ცდილობენ. ამ მიზნის მისაღწევად ისინი ტანკერების მასობრივ შემოწმებას ახორციელებენ, რათა გამოავლინონ სანქციების დარღვევები და ეკოლოგიური საფრთხეები. დანიამ განაცხადა, რომ გეგმავს მსგავსი შემოწმებები ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებს შორის მდებარე სრუტეებში ჩაატაროს. გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, ევროპის ქვეყნები რუსული ტანკერების „მასშტაბური დაკავებისთვის“ საკანონმდებლო ზომების ამოქმედებას განიხილავენ.
2022 წელს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებისთვის ფასის ზედა ზღვარი დააწესეს. (ერთი ბარელზე $60) ამ შეზღუდვისა და სხვა სანქციების თავიდან ასარიდებლად რუსეთი აქტიურად იყენებს „ჩრდილოვან ფლოტს“. ფასის ზედა ზღვრის დაწესებასთან ერთად, ბლოკის ქვეყნებმა რუსული ნავთობის გადაზიდვების დაზღვევაც აკრძალეს, თუ ნავთობი შეძენილია დადგენილზე უფრო მაღალ ფასად. ამ მიზეზით, „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტრეიდერები რუსული და სხვა ქვეყნების სადაზღვევო კომპანიების მომსახურებას იყენებენ, ხოლო დასავლეთის ქვეყნები რეგულარულად აწესებენ სანქციებს იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც მათი აზრით, ამ ფლოტის ნაწილი არიან. 2024 წლის დეკემბერში ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 52 გემს, ხოლო 2025 წლის იანვარში აშშ-მ 180 გემს, რომელთა უმეტესობა ტანკერები იყო. დასავლეთი აგრძელებს რუსეთის ექსპორტის შეზღუდვის სხვა გზების ძიებას.
დანიის საზღვაო ადმინისტრაციამ 5 თებერვალს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაცია აპირებს გემების, განსაკუთრებით კი ტანკერების, შემოწმებას. ეს ეხება იმ გემებს, რომლებიც სკაგენის პორტის ფარგლებს გარეთ ჩერდებიან, იუტლანდიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, ბალტიის ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვაში გასასვლელში. სკაგენი დანიაში მდებარე პორტია, რომელიც ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების შეერთების ადგილზეა. მის მახლობლად გადის რუსეთის უმსხვილესი საექსპორტო მარშრუტები. „ეს ნაბიჯები გადადგმულია, რადგან დანიის სრუტეებში ნავთობის გადასატანად აქტიურად იყენებენ მოძველებულ გემებს, რაც ზრდის საზღვაო უსაფრთხოების, ეკიპაჟების და გარემოსათვის შექმნილ საფრთხეებს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპული საბროკერო კომპანიის Mind Money-ის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი იგორ ისაევი ამბობს, რომ დანიის საზღვაო ადმინისტრაციის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, ეს ზომა უშუალოდ რუსეთს არ ეხება და მიმართულია მოძველებული გემების წინააღმდეგ. გარდა ეკოლოგიური პრობლემისა, დანიის ხელისუფლება ამ ნაბიჯს ამართლებს ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების გადაჭრის რამდენიმე ინციდენტით. Mind Money-ის ანალიტიკოსი იგორ ისაევი აღნიშნავს, რომ დანიის უწყების განცხადებაში ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერები პირდაპირ არ არის მოხსენიებული. თუმცა, განცხადებაში ნახსენები ძველი გემები სრულად ემთხვევა ამ ტერმინს, რადგან ის მოიცავს 15 წელს გადაცილებულ გემებს, რომლებიც ანონიმური მფლობელობის ქვეშ არიან და/ან აქვთ ისეთი კორპორაციული სტრუქტურა, რომელიც ბენეფიციარების დაფარვას ემსახურება. ისაევი ასევე მიუთითებს, რომ 1857 წლის კოპენჰაგენის ხელშეკრულების მიხედვით, დანიას არ აქვს უფლება, ხელი შეუშალოს გემების ტრანზიტს. თუმცა, თუ საუბარია ეკოლოგიურ რისკებსა და დაზღვევასთან დაკავშირებულ შემოწმებებზე, ეს გაცილებით რეალისტურად გამოიყურება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შემოწმება შეეხება გემებს, რომლებიც დანიის ტერიტორიულ წყლებში ღუზით არიან გაჩერებული.
დანიას აქვს გარკვეული უფლებები დააკავოს ან შეამოწმოს სკაგენის პორტთან ღუზით მდგომი რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერები, თუმცა შეჩერება და შემოწმება დანიის მიერ საერთაშორისო საზღვაო სამართლის რეგულაციებს უნდა ექვემდებარებოდეს. პორტი ორი საერთაშორისო სრუტეს: სკაგერაკისა და კატეგატის შორის მდებარეობს. საერთაშორისო სრუტეებში გადაადგილება მშვიდობიანი და ტრანზიტული გავლის თავისუფლებას ითვალისწინებს. სახელმწიფოს არ შეუძლია სერიოზული მიზეზის გარეშე შეაჩეროს გემი, რომელიც ამ უფლებით სარგებლობს. ამისთვის უნდა არსებობდეს სერიოზული საფუძველი. (მაგალითად, თუ არსებობს ნავთობის ან ქიმიკატების დაღვრის რეალური საფრთხე, ან თუ გემის გავლა არ შეესაბამება მშვიდობიან ხასიათს.) თუ შეჩერება გამართლებული მიზეზების გარეშე განხორციელდება, დანიის წინააღმდეგ შესაძლოა რუსეთმა იურიდიული დავა წამოიწყოს საერთაშორისო სასამართლოებში. ეს უფლება განსაზღვრულია 1982 წლის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საზღვაო სამართლის კონვენციით.
1857 წლის ხელშეკრულება ასევე უზრუნველყოფს თავისუფალ გასვლას სრუტეებში გემების შეჩერებისა და დაყოვნების გარეშე. ამიტომ, დანიის ქმედებები შესაძლოა აღქმულ იყოს როგორც ამ შეთანხმების პირობების დარღვევა. თუმცა, ხელშეკრულებით წარმოშობილი სამართლებრივი დავების გადაწყვეტის მექანიზმები შეზღუდულია: შეთანხმება არ ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრების სპეციფიკურ მექანიზმებს მისი პირობების დარღვევის შემთხვევაში.
გაეროს კონვენციის თანახმად, საერთაშორისო სანაოსნო მოძრაობისათვის გამოყენებულ სრუტეებში ტრანზიტულ გასვლას არ უნდა შეუქმნან დაბრკოლებები. ამავე კონვენციის მიხედვით, სრუტეებთან დამაკავშირებელი სახელმწიფოები უფლებამოსილი არიან მიიღონ კანონები და წესები წყლის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ, თუ საზღვაო ხომალდი შედის პორტში ან დგება ღუზაზე ტვირთის ჩატვირთვის, გადმოტვირთვის ან შესვენების მიზნით, სავარაუდოდ, ის აღარ იქნება მიჩნეული, როგორც ტრანზიტული გასვლა.
