აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე მზია ამაღლობელის მიერ ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის შემთხვევის აღსაწერად იყენებს სიტყვა “ტანთცმულს”, ისევე როგორც ამავე დეპარტამენტის სხვა 4 პოლიციელი, რომელთა შესახებაც ნეტგაზეთი უკვე წერდა.
საქმე მხოლოდ ამ სიტყვაში არ არის. პოლიციელები, რომლებიც მოწმის სახით გამოიკითხნენ, მომხდარს სიტყვა-სიტყვით ერთნაირად აღწერენ. მათი გამოკითხვის ოქმების შედარებისას, ნათელია, რომ იდენტურია მათი თხრობის ქრონოლოგია; ლექსიკა; წინადადებების ფორმულირებები; სიტყვები, რომლითაც მომხდარს აღწერენ; დეტალები, რომლებზეც გაამახვილეს ყურადღება და ა.შ.
ბერდია ფერაძემ კიდევ ერთ პოლიციელთან ერთად პირადად დააკავა მზია ამაღლობელი, ამიტომ მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ოდნავ განსხვავდება სხვა მოწმეების – ვახტანგ ბოლქვაძე, დავით ანთაძე, არჩილ ანთაძე და ცოტნე ქართველიშვილის მონათხრობისგან. თუმცა, საერთო ჯამში, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხუთივე მათგანის გამოკითხვის ოქმის ტექსტი ერთი ადამიანის მიერაა შედგენილი.
მაგალითად, სიტყვა “ტანთცმულის” გამოყენების გარდა, ხუთივე მათგანი პოლიციელების მიმართ აგრესიის გამოხატვად თვლის მათთან ხმამაღლა საუბარს. სწორედ ასე აღწერენ ისინი მზია ამაღლობელისა და ირაკლი დგებუაძის კომუნიკაციას დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
ფერაძის მონათხრობის მიხედვით, 11 იანვარს, საღამოს საათებში ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე. დაახლოებით 00:300 საათზე ორი მოქალაქის დაკავების შემდეგ ბათუმის სამმართველოს უფროსი, ირაკლი დგებუაძე გამოვიდა მოქალაქეებთან განმარტების გასაკეთებლად. ფერაძის თქმით, ამ დროს ის ზუსტად დგებუაძის გვერდით, მარცხენა მხარეს იდგა.
“ირაკლი დგებუაძემ აქციაზე მდგომ მონაწილეებს განუმარტა, რომ რამდენიმე წუთის წინ დაკავებული ორი მოქალაქის მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რადგანაც ისინი იგინებოდნენ პოლიციელების მისამართით და არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. როდესაც ირაკლი დგებუაძე უმარტავდა აქციის მონაწილეებს მიზეზს, თუ რისთვის იყვნენ აქციის მონაწილეები დაკავებულები, ამ დროს, მასთან ახლოს, წინ იდგა ორი ქალბატონი. ერთ ქალბატონს ჰქონდა მოწითალო შეფერილობის გაშლილი თმა, ხოლო მეორეს შავი ფერის შეკრული თმა, რომლებიც გამოხატავდნენ ირაკლი დგებუაძის და ზოგადად პოლიციელების მიმართ აგრესიას. კერძოდ, ხმამაღლა ესაუბრებოდნენ მას და ითხოვდნენ დაკავებულების გათავისუფლებას. ამ დროს მე ვიდექი ირაკლის გვერდით, მარცხნივ, ოდნავ უკან. ირაკლი დგებუაძემ გაკეთებული განცხადების შემდეგ დააპირა გასვლა, რა დროსაც ჩემ წინ მდგარი ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის უკან შეკრული თქმა, მარცხენა ხელით წვდა ირაკლი დგებუაძეს მის ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა ძლიერად, რომელიც მოქაჩვის შედეგად შებრუნდა აღნიშნული ქალბატონისკენ, რა დროსაც ქალბატონმა მარცხენა გაშლილი ხელი დაარტყა ირაკლი დგებუაძეს სახეში, კერძოდ მარცხენა ლოყისა და ყურის მიდამოში. აღნიშნული ქალბატონი ჩემი და გიორგი ბჟალავას მიერ ადგილზევე იქნა დაკავებული ბრალდებულის სახით და ის შემოვიყვანეთ შსს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში და შემდეგ ადმინისტრაციულ შენობაში”, – ასე აღწერს მომხდარს ფერაძე.
სხვა მოწმეების მსგავსად ისიც ამტკიცებს, რომ იდგა ისეთ ადგილას, საიდანაც ყველაფერს კარგად ხედავდა და ყველაფერი კარგად ესმოდა. თუმცა, ისიც უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ რამდენიმე წუთით ადრე ორი მოქალაქის დაკავებისას, ჭყლეტის დროს მზია ამაღლობელი დაზიანდა – პოლიციელებმა ის წააქციეს, რა დროსაც მას გასძვრა ცალი ფეხსაცმელი და დაზიანებები მიიღო კიდურებზე. ფერაძე, ასევე არ ჰყვება იმის შესახებ, რომ ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
იმას, რომ მზია ამაღლობელის მიერ გარტყმული სილის შედეგად ლოყა და ყური გაუწითლდა, ირაკლი დგებუაძეს ჯამში 6 პოლიციელი უდასტურებს. ვახტანგ ბოლქვაძის, დავით ანთაძის, არჩილ ანთაძის, ცოტნე ქართველიშვილისა და ბერდია ფერაძის გარდა, რომელთა გამოკითხვის ოქმები, როგორც აღვნიშნეთ ერთმანეთის მსგავსია, გამოიკითხეს თავად დგებუაძის მოადგილე, გიორგი ბჟალავაც. სწორედ ბჟალავამ და ფერაძემ დააკავეს მზია ამაღლობელი.
ბჟალავა მომხდარს უფრო დეტალურად აღწერს და ჰყვება ისეთ გარემოებებსაც, რომლებიც სხვა მოწმე პოლიციელების გამოკითხვის ოქმებში ვერ ვხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გამოკითხულმა პოლიციელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იდგნენ ისეთ ადგილას, საიდანაც ყველაფერს ხედავდნენ და ყველაფერი ესმოდათ, მათ არ გაუმახვილებიათ ყურადღება რიგ გარემოებებზე, რომლებზეც ბჟალავა საუბრობს.
მაგალითად, ის ირწმუნება, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა. მაშინ, როცა სხვა პოლიციელები მხოლოდ მის “აგრესიულ დამოკიდებულებაზე” საუბრობენ, ოღონდ “აგრესიულობას” ხმამაღლა საუბარს უწოდებენ. ბჟალავას მტკიცებით, ამაღლობელს მოუწოდეს, შეეწყვიტა პოლიციელების შეურაცხყოფა, რასაც ის არ დაემორჩილა და ამიტომ დააკავეს.
არადა, ადგილზე გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ამაღლობელი პოლიციის შენობის დამხმარე შენობაზე სტიკერის გაკვრის შემდეგ დააკავეს. გაკრული სტიკერი პოლიციელმა იმავე წამს მოაძრო კედელს ისე, რომ მასზე არანაირი კვალი არ დარჩენილა. დაკავების დროს ამაღლობელს პოლიციელებისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.
როგორც ცნობილია, მზია ამაღლობელის ხელწერილით გათავისუფლებიდან მალევე, რამდენიმე წუთში დააკავეს ორი მოქალაქე. სხვა არცერთ პოლიციელს არ აღუნიშნავს, რომ ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. მათ შორის, არც თავად ირაკლი დგებუაძეს. ბჟალავა კი აღნიშნავს, რომ დაკავებულები “ძლიერ ნასვამ მდგომარეობაში” იყვნენ.
როგორც ბჟალავა აღწერს, მათი დაკავება მოქალაქეებმა გააპროტესტეს, რის გამოც ირაკლი დგებუაძემ მათთან ახსნა-განმარტებისთვის გამოვიდა.
“ამ დროს, მე ვიმყოფებოდი პოლიციის ეზოს გარეთ საგუშაგოსთან. აქვე იყო შსს აჭარის ა/რ დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ბერდია ფერაძე. სწორედ ჩემ გვერდით დადგა ირაკლი დგებუაძე და შეკრებილ აქციის მონაწილეებს უმარტავდა, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ორი ახალგაზრდა მამაკაცის ადმინისტრაციული წესით დაკავება. ამ დროს მე შევნიშნე მზია ამაღლობელი და კიდევ ერთი, წითელთმიანი ქალბატონი, რომლებიც ირაკლი დგებუაძეს ესაუბრებოდნენ აგრესიული ტონით და ზოგადად, პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. ვინაიდან ირაკლი დგებუაძემ აქციის მონაწილეებს განუმარტა ორი ახალგაზრდა კაცი ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძველი, დააპირა გასვლა, რა დროსაც მზია ამაღლობელმა მას ხელი მოჰკიდა პოლიციის უნიფორმის ქურთუკზე, შემოატრიალა მისკენ და მარცხენა ხელი დაარტყა სახის არეში, მარჯვენა მხარეს, რის გამოც ჩემი და ბერდია ფერაძის მიერ მოხდა მზია ამაღლობელის ბრალდებულის სახით დაკავება და მისი შეყვანა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში”, – ვკითხულობთ გიორგი ბჟალავას გამოკითხვის ოქმში.
ამავე თემაზე:
· რას ჰყვება ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელის მიერ სილის გაწვნაზე – გამოკითხვის ოქმი
· 4 პოლიციელი სიტყვა-სიტყვით ერთნაირად აღწერს, როგორ გაუწითლდა დგებუაძეს ლოყა და ყური
მზია ამაღლობელი ერთ ღამეში 2-ჯერ დააკავეს. ჯერ 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით, საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ, უკვე 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო.
მზია ამაღლობელმა გამოძიებას მისცა ჩვენება, რომ დაკავების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე რამდენჯერმე სცადა ფიზიკურად გასწორებოდა მას, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ხელი შეუშალეს. გარდა ამისა, მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს და გარკვეული დროის განმავლობაში არ აძლევდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.
ამ ყველაფრის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მეორე დღესვე იყო ინფორმირებული. თუმცა, გამოძიების დაწყების შესახებ უწყებამ მხოლოდ 22 იანვარს განაცხადა. უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო და არა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის’ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.
პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარიდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
13 თებერვალს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართეს და ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვეს. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო.
ამის შემდეგ, ამაღლობელის იურისტებმა კვლავ მიმართეს სააპელაციოს, ამჯერად ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბოლო, 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
არაერთი იურისტისა და უფლებადამცველის შეფასებით, მზიას ამაღლობელის ქმედება შეუსაბამოა მისთვის წარდგენილ ბრალთან. სპეციალისტები განმარტავენ, რომ მისი ქმედება ბევრად უფრო მსუბუქია, ვიდრე პროკურატურა ედავება. ბევრი მათგანი თვლის, რომ ეს საერთოდ არ არის დანაშაული და მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. იურისტები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ აღკვეთოს ღონისძიების სახით მზია ამაღლობელის დაპატიმრებასაც.
