ამერიკელები პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ

შეერთებული შტატები 17 თებერვალს პრეზიდენტის დღეს აღნიშნავს. დღესასწაული თავდაპირველად დამფუძნებელ მამად წოდებულ ლიდერს, მის პირველ პრეზიდენტს, ჯორჯ ვაშინგტონს მიეძღვნა და ახლადდაფუძნებული სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეზე აღინიშნება.
ჯორჯ ვაშინგტონი 22 თებერვალს დაიბადა, მაგრამ პრეზიდენტის დღე მოძრავი დღესასწაულია და ის თებერვლის ყოველ მესამე ორშაბათს აღინიშნება. ახლა ის კიდევ ერთ პრეზიდენტთან, აბრაამ ლინკოლნის სახელთანაც ასოცირდება.
ამერიკის გამორჩეული ლიდერის, ქვეყნის მე-16 პრეზიდენტის აბრაამ ლინკოლნის დაბადების დღეც თებერვალშია. ის 12 თებერვალს დაიბადა და ქვეყანას ურთულეს პერიოდში, სამოქალაქო ომის დროს მართავდა.
კონგრესის გადაწყვეტილებით, 1968 წლიდან შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის დღე უქმე დღედ არის გამოცხადებული. დასაქმებულთა დიდი ნაწილი, მაგალითად, ფედერალურ უწყებათა თანამშრომლები, თუ ბანკები და ბევრი სხვა ორგანიზაცია-დაწესებულება ამ დღეს ისვენებს. თუმცა, ეს დღესასწაული დასვენების დღეს არ ნიშნავს სავაჭრო ორგანიზაციებში, რესტორნებსა და მომსახურების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეერთებულ შტატებში კიდევ ერთხელ მოიგონებენ თავის პირველ პრეზიდენტს, მისი დაბადებიდან 293 წლის შემდეგ, ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, დღესასწაულმა პირვანდელი მნიშვნელობა გარკვეულწილად დაკარგა და როგორც სხვა დასვენების დღეების უმეტესი ნაწილი, კონსიუმერიზმის პიკად იქცა.
”ის ვაშინგტონის გარშემო უნდა ტრიალებდეს, მაგრამ შეგიძლიათ ნამდვილად მიუთითოთ რაიმეზე, რაც მას მოგაგონებთ”? – კითხულობს ისტორიკოსი ალექსის კოი. ის ავტორია წიგნისა “არასდროს გავიწყდება პირველი: ჯორჯ ვაშინგტონის ბიოგრაფია”.
ვინაიდან დღესასწაული ზამთარშია, ის ნაკლებად ასოცირდება ხალხმრავალ შეკრებებთან, პიკნიკებთან, თუ აღლუმებთან. მაგრამ, ამ დღესასწაულზე კომპანიები მომხმარებლებს, როგორც წესი, საგანგებო და საგულისხმო ფასდაკლებებს სთავაზობენ, რის გამოც ვაჭრობა ამ დღეებში განსაკუთრებით ინტენსიურდება და ეკონომიკაც მეტად წახალისებულია.
საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ “დღესასწაული კომერციულმა და კერძო ინტერესებმა დაიპყრო”, – ამბობს ისტორიკოსი სი ელ არბელბაიდი. ის წუხს, რომ ისტორიული მომენტების მოგონებებისა და “რეფლექსიისთვის დრო აღარ რჩება”.
სეთ ბრუგერმენი, ტემპლის უნივერსიტეტის პროფესორი ფიქრობს, რომ დამფუძნებელ მამებს ეს არ მოეწონებოდათ. ”ისინი ძლიერ ღელავდნენ კორპორაციებთან დაკავშირებით”, – ამბობს ბრიუგემენი. ”მათი აკრძალვა კი არ სურდათ, მაგრამ კორპორაციებს ისინი პატარა რესპუბლიკებად აღიქვამდნენ, რომლებიც პოტენციურად საფრთხეს ქვეყნის ძალაუფლებას უქმნიდნენ”.