უკრაინის საგანგებო ვითარებასა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები განაგრძობენ ჩერნობილის ატომურ ელექსროსადგურზე რუსეთის დარტყმის შედეგების ლიკვიდაციას. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური იტყობინება.
სარკოფაგი, რომელიც 2025 წლის 15 თებერვალს დაზიანდა იერიშის შედეგად, აშენებულია 1986 წელს მომხდარი აფეთქების შედეგად დანგრეული აეს-ის მეოთხე ბლოკის იზოლაციისთვის შექმნილი კონსტრუქციის გარშემო. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა დრონით, რომელიც ფუგასური საბრძოლო ნაწილით იყო აღჭურვილი.
დარტყმის შემდეგ ზელენსკი იტყობინებოდა, რომ ხანძარი ჩააქრეს. საგანგებო ვითარებასა სახელმწიფო სამსახურში 17 თებერვალს განაცხადეს, რომ სპეციალისტები ამჟამად მუშაობენ სარკოფაგის ქვეშ მოთავსებული კონსტრუქციის ნაწილობრივ გახსნაზე და სახურავის ნელი წვის სამი წყაროს ჩაქრობაზე.
სპეციალისტები კამერით აღჭურვილი დრონით განუწყვეტლივ აკონტროლებენ ვითარებას და ჰაერის მდგომარეობას.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სამრეწველო მოედანზე რადიაციული ფონი არ აღემატება დაშვებულ მაჩვენებელს, ნათქვამია უწყების შეტყობინებაში.
1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში საპროექტო გამოცდების ჩატარებისას მოხდა აფეთქება, რომელმაც მთლიანად დაანგრია მეოთხე რეაქტორი და გარემოს ძლიერი დაბინძურება გამოიწვია. ამ ავარიის შედეგად ევაკუირებულ იქნა მოსახლეობა პრიპიატიდან, ჩერნობილიდან და 30-კილომეტრიან ზონაში მდებარე ყველა დასახლებული პუნქტიდან. ავარიის მომენტში ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დაიღუპა ორი ადამიანი, მოგვიანებით კი რადიოაქტიური დასხივების შედეგად მომდევნო სამი თვის განმავლობაში დაიღუპა 31 ადამიანი.
ავარიის შემდეგ მეოთხე რეაქტორის თავზე ააგეს ობიექტი „საფარი“, რომლის ზემოდანაც მოგვიანებით ააშენეს ახალი სარკოფაგი. ამ პროექტის რეალიზაციისთვის 45-მა დონორმა ქვეყანამ გაიღო 2,2 მილიარდი ევრო. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ახალი სარკოფაგის მშენებლობის დასრულების შემდეგ 2019 წელს თქვა, რომ მან 100 წელს უნდა გასტანოს და მისი ამოცანაა, გარემო დაიცვას მასში რადიოაქტიური ნივთიერებების შემდგომი გაჟონვისგან, ასევე უზრუნველყოს სათანადო პირობები ძველი კონსტრუქციისა და დანგრეული რეაქტორის უსაფრთხოდ დემონტაჟისთვის და რადიოაქტიური ნივთიერებების გატანისთვის“.
