ვივა მედის დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ფორმულასთან ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად არის მოსალოდნელი სხვადასხვა გართულება – ორგანოების ფუნქციის მოშლა”.
ჩხაიძის ცნობით, მზია ამაღლობელის შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ეს რთული პროცესია და მოუწოდებს მის კოლეგებსა და თანამოაზრეებს, პაციენტი სრულად დაექვემდებაროს სამედიცინო რეკომენდაციებს.
“შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ეს არის ძალიან რთული, ურთულესი ფიზიოლოგიური პროცესი, რაც დაკავშირებულია ძალიან სერიოზულ გართულებებთან. ამიტომ მე მოვუწოდებ, ვთხოვ მის, პირველ რიგში, კოლეგებს, თანამოაზრეებს, ადვოკატებს, რომ სრულად დაექვემდებაროს პაციენტი ჩვენს რეკომენდაციებს. ეს არის ერთადერთი გზა, რომ თავიდან იქნას აცილებული ლეტალური გამოსავალი.
ყოველდღიურად არის მოსალოდნელი სხვადასხვა გართულება – ორგანოების ფუნქციის მოშლა, რაც, სამწუხაროდ, შეიძლება, ლეტალური გამოსავლით დასრულდეს.
ისევ იმავე პოზიციაზეა. ჩვენ ვუხსნით, ვაცნობთ ყოველდღიურად მოსალოდნელი გართულებების რისკებს”, – თქვა ზურაბ ჩხაიძემ ფორმულასთან საუბრისას.
ჟურნალისტი, მზია ამაღლობელი 37-ე დღეა შიმშილობს და ის კლინიკა ვივა მედში არის გადაყვანილი.
