აბასთუმანი – ბაღდათის დამაკავშირებელი გზა – ეს ის ამბიციური პროექტია, რომლის შესახებაც უამრავ განცხადებას ნახავთ სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე. ყველა მათგანში ამოიკითხავთ სიტყვათშეთანხმებებს: “მაღალი ტემპით მიმდინარეობს” , “გარდამტეხ ფაზაში შევიდა” და სხვა. მთავარი, რაც ამ განცხადებებს განასხვავებს თარიღებია, რომელიც ამ პროექტის დასრულების სავარაუდო დროს გვამცნობს. ეს თარიღი კი ყოველ ჯერზე სხვადასხვაა. “პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება ეტაპობრივად მოხდება 2022 წლამდე”, – იუწყებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2019 წლის ნოემბერში. ამ განცხადებიდან ხუთი წლის თავზე უწყება კვლავ წერს – სამუშაოები მაღალი ტემპით მიმდინარეობსო, მაგრამ ამჯერად დასრულების ვადაც აღარ მიუთითებიათ.
გადავწყვიტეთ ადგილზე გვენახა 6-წლიანი “მაღალი ტემპით მუშაობის” შედეგი, დეტალურად შევისწავლეთ დეპარტამენტის მიერ გზის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ყველა ტენდერი და მასში მონაწილე კომპანიები. აღმოჩნდა, რომ გზის ძირითადი ნაწილი დაუსრულებელია, რამდენიმე მონაკვეთი კი – მიტოვებული. უკვე დასრულებული მონაკვეთები კი – ხელახლა გასაკეთებელი.
ამ სტატიაში მოგიყვებით, როგორ იქცა აბასთუმანი-ბაღდათის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია ოცნებად, ვინ და რატომ ჰპატიობს მშენებელ კომპანიებს შეუსრულებელ ვალდებულებებს და რა გარემოებები მიუთითებს შესაძლო კორუფციაზე.
რა შეცვალა ივანიშვილის აბასთუმანში სტუმრობამ?
2018 წლის შემოდგომაზე, როცა ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებული იყო და 3-კილომეტრიან მონაკვეთზე (აბასთუმნის გასასვლელიდან უღელტეხილის ასახვევამდე) სამუშაოები მიმდინარეობდა, პროექტი შეჩერდა. ამას წინ უძღვოდა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი აბასთუმანში. ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ აბასთუმანში მანქანებით გადაადგილება აიკრძალებოდა და აქ მხოლოდ ეკო-ტრანსპორტი ივლიდა. ამ განცხადებიდან მალევე, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აბასთუმნის შემოვლითი გზის პროექტზე დაიწყო მუშაობა. ამან უკვე დაწყებული სამუშაოები დროებით შეაჩერა, რადგან თავდაპირველ პროექტში ამ გზის ნაწილს კურორტ აბასთუმანზეც უნდა გაევლო. ოლიგარქის სურვილმა კი გზის მშენებლობის ხარჯები 100 მილიონი ლარით გაზარდა.
გადაწყდა, რომ აბასთუმნის შემოვლითი გზა კურორტს დასავლეთის მხრიდან შემოუვლიდა. ეს ტერიტორია მთლიანად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ეკუთვნის. გარდა ამისა, ამ მონაკვეთში გადის ე.წ. “ზურმუხტის ქსელი”, რომელიც საერთაშორისოდ დაცული ზონაა. სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებას გარემოსდამცველების პროტესტი მოჰყვა. თუმცა, პროექტი მაინც დაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ საქმე სასამართლომდე მივიდა.
ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის პროექტის მზადება ხორვატიული კომპანიის შვილობილმა “იგჰ საქართველომ” 2017 წელს დაიწყო და 2023 წელს დაასრულა. ამ პროექტში 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. 1.9 მილიონამდე ლარი დაჯდა აბასთუმნის შემოვლითი გზის დაპროექტება. სამუშაოები “ტრანსპროექტმა” შეასრულა.