SJC: მოვუწოდებთ ILO-ს, შექმნას საგამოძიებო კომისია საჯარო სამსახურში წმენდაზე

სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი მოუწოდებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, ყურადღება მიაპყროს საქართველოში საჯარო სექტორში დისკრიმინაციული მოტივით მიმდინარე მასობრივ გათავისუფლებებს და დაუყოვნებლივ განიხილოს ამ საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში დეკემბრის ბოლოდან დაიწყო და დღემდე გრძელდება საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა მასობრივი გათავისუფლებები. სამსახურიდან ათავისუფლებენ სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულ იმ ადამიანებს, რომლებმაც საჯაროდ გააპროტესტეს ხელისუფლების გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ერთობლივი განცხადებების გამოქვეყნებისა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გზით.
საჯარო უწყებების სია, საიდანაც საჯარო მოხელეები სავარაუდოდ დისკრიმინაციული მოტივით გაათავისუფლეს, მათ შორის, მოიცავს:
· იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
· საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
· იუსტიციის სახლი;
· დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო;
· თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურებისა და იურიდიული საქალაქო სამსახურები;
· თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო;
· თბილისის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო;
· საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალგაზრდობის სააგენტო;
· საქართველოს პარლამენტი;
· საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია;
· საგარეო საქმეთა სამინისტრო;
· შინაგან საქმეთა სამინისტრო;
· ცენტრალური საარჩევნო კომისია;
· პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;
· საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური;
· საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
· საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;
· აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;
· რუსთავის მუნიციპალიტეტი;
· ადიგენის მუნიციპალიტეტი
“უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა ნაწილი თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე სასამართლოში იბრძვის. მათ იურიდიულ დახმარებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს. ამასთან, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლი უკვე 100-ზე მეტ პირს უწევს სამართლებრივ დახმარებას და ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია”- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ამ დოისთვის პროფესიულ კავშირად ოფიციალურად რეგისტრაციაზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ათობით უკანონოდ გათავისუფლებულს ეხმარება, რაც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს შეიცავს.