“ახლა ჩიხში ვართ, საიდანაც არსებობს გამოსავალი, იმედია, ორმოში არ ჩავვარდებით, იქიდან ამოსვლა ძალიან რთულია“- ასე აფასებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას ბიზნესმენი თემურ ჭყონია bpn.ge-სთან საუბრისას.
მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა მოქალაქეების დაკვეთას უნდა ასრულებდეს. შესაბამისად, თუ საზოგადოების დაკვეთაა, რომ ევროპასთან იმ კულტურულ, პოლიტიკურ და ფინანსურ ურთიერთობას დავუბრუნდეთ, რომელიც ადრე გვქონდა, ასეც უნდა მოხდეს.
„ჩვენ ახლა ჩიხში ვართ. თუმცა, ჩიხიდან გამოსასვლელი უამრავი გზა არსებობს, გააჩნია, რომელ გზას ავირჩევთ. ამ გზის არჩევანი დამოკიდებული უნდა იყოს საზოგადოებაზე და არა პარტიაზე. შესაბამისად, თუ საზოგადოების დაკვეთა არის, რომ ისევ დავუბრუნდეთ ევროპასთან კულტურულ, პოლიტიკურ, ფინანსურ ურთიერთობას, რომელიც ადრე გვქონდა, ასეც უნდა მოხდეს.
მაგალითად, ახლახან გავეცანი ინფორმაციას, რომ ევროკავშირი 2 მლრდ- ევროზე მეტს გამოუყოფს მოლდოვას, დახმარების სახით, ჩვენ ამ სიაში არ ვართ, რაც ძალიან სამწუხაროა. აქ ფულზე როდესაც ვსაუბრობთ, ვგულისხმობ ფინანსურ ურთიერთობებს, ეს არ არის დამჩაგვრელი, ეს არის მეგობრობის, ნდობის ფაქტორი. როდესაც შენთან მეგობრული ურთიერთობა უნდათ და თანხას გიყოფენ, ეს არის ყველაზე მაღალ დონეზე შეფასებული მეგობრობა. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ აქედანაც ამოვარდნილი ვართ, ფინანსურთან ერთად მეგობრულ ურთიერთობაშიც ამოვარდნილი ვართ. როდესაც ნდობა აღარ გვაქვს, ეს იგი, ცუდ დღეში ვართ. სწორედ უნდობლობის გამო არ გვიწევენ ფინანსურ პარტნიორობას.
და, თუ ეს ყველაფერი ისეთი უბრალო საქმეა, როგორც ამას ბევრი პოლიტიკოსი აფასებს, მაშინ გვითხრან, რა არის სინამდვილე?! გაგვცენ პასუხი, ალტერნატივა რა არის, თუ ეს ფარატინაა?!“,- ამბობს თემურ ჭყონია.
კითხვაზე, რაში ხედავს გამოსავალს, ბიზნესმენი ამბობს, რომ არჩევნების დანიშვნაში.
„აქედან პოლიტიკური გამოსავალი არის არჩევნები. როდესაც პოლიტიკური კრიზისი იწყება, უნდა მოხდეს გადატვირთვა, ახალი არჩევნები, ან უნდა ნახოს პოლიტიკურმა ძალამ გამოსავალი, როგორ განაახლოს ურთიერთობები. თუმცა, როდესაც ნდობის ფაქტორი გაქვს დაკარგული, ამის განახლება რთულია. რაც დრო გავა, სულ უფრო გაგვიჭირდება გამოსავლის მოძებნა. ახლა ჩიხში ვართ, საიდანაც არსებობს გამოსასვლელი, იმედია, ორმოში არ ჩავვარდებით, იქიდან ამოსვლა ძალიან რთულია“,- ამბობს თემურ ჭყონია.
