სულ ცოტა, 1500 ადამიანი მივიდა ალექსეი ნავალნის საფლავზე მოსკოვში, 16 თებერვალს, რეპრესიების საფრთხისა და ყინვის მიუხედავად, რათა პატივი მიეგოთ ოპოზიციის ლიდერისთვის საპატიმროში გარდაცვალების წლისთავზე.
ნავალნი – ვლადიმირ პუტინის მთავარი ოპონენტი, რომელიც რუსეთმა “ექსტრემისტად” გამოაცხადა – გარდაიცვალა 2024 წლის 16 თებერვალს, სადამსჯელო კოლონიაში, ხარპში, რუსეთის ჩრდილოეთში.
AFP-ის რეპორტიორი შეესწრო ასობით ადამიანს, რომლებიც ნავალნის საფლავზე მიდიოდნენ ბორისოვკის სასაფლაოზე და ტოვებდნენ ყვავილებს. შუადღისთვის ადამიანების დიდი რიგი დადგა.
რუსეთის ხელისუფლებას ჯერ კიდევ სრულად არ განუმარტავს ოპოზიციონერის გარდაცვალების გარემოებები. ოფიციალური ვერსიით, ის ციხის ეზოში სეირნობისას გარდაიცვალა. ნავალნის დედამ, ლიუდმილა ნავალნაიამ AFP-ს უთხრა, რომ ის “ყველაფერს აკეთებს” იმისთვის, რომ მოხდეს გამოძიება და იმედი აქვს, რომ დაისჯებიან ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან მისი შვილის გარდაცვალებაზე.
ნავალნის ქვრივი, იულია ნავალნაია – რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს და რომელიც “ექსტრემისტადაა” შერაცხილი თავის სამშობლოში – ამბობს, რომ მისი ქმარი სიკვდილის შემდეგაც “აგრძელებს ხალხის გაერთიანებას” და “თავისუფალი, მშვიდობიანი” რუსეთისკენ მოუწოდებს ხალხს. ევროკავშირმა განაცხადა, რომ ნავალნის სიკვდილზე “სრული პასუხისმგებლობა” ეკისრება პუტინს.
მართლმადიდებელმა მღვდელმა ლოცვა წაიკითხა მის საფლავზე და ყვავილები დადო, ბევრი ტიროდა. რუსულმა, კრემლის მომხრე ტელეგრამ არხებმა გააფრთხილეს მხარდამჭერები, არ წასულიყვნენ სასაფლაოზე.
ნავალნი 2021 წელს დააპატიმრეს რუსეთში დაბრუნების შემდეგ გერმანიიდან, სადაც ის სამედიცინო მკურნალობას გადიოდა მოწამვლის გამო. ნავალნი 2023 წლის დეკემბერში გადაიყვანეს სადამსჯელო კოლონიაში, რომელიც არქტიკული წრის მიღმა მდებარეობს.
