“უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა” – ბათუმის ტრაგედიის სამართლებრივი შეფასებები

“ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს ვალდებულებაზე პასუხისმგებლობით მოეკიდოს ურბანულ დაგეგმარებას, უზრუნველყოს საჯარო სივრცეების უსაფრთხოება და მათი მუდმივი მონიტორინგი, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები”, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველის აპარატი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას, რომლის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.
ლევან იიოსელიანის თქმით, აუცილებელია შეიმუშავდეს ეფექტიანი პრევენციული და რეაგირების მექანიზმები საჯარო სივრცეებსა და სამშენებლო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით.
“კომერსანტმა” ს ტრაგიკული შემთხვევის სამართლებრივი შეფასებები იურისტებს სთხოვა.
“თუ ტერიტორია სამშენებლო კომპანიას ეკუთვნის ამონაწერითა და ნახაზის ამიღებით შეიძლება ამის დადგენა. აქ უკვე სამშენებლო მოედნის მოწყობის სტანდარტებზეა ყურადღება გასამახვილებელი. თუ სამშენებლო კომპანიის განკარგის ქვეშ არ არის ეს ტერიტორია, ეკუთვნის სახელმწიფოს, დიდი ალბათობით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზე იქნება. ასე რომ, ამ შემთხვევაზე “ანაგმა” რომც ჩაიხსნას პასუხისმგებლობა, მუნიციპალიტეტი ვერანაირად ვერ გაექცევა ამ პასუხისმგებლობას,” – ასეთ სამართლებრივ შეფასებას აძლევს ბათუმში ორი მცირეწლოვნის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს იურისტი თამარ ბერძნიშვილი.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი “კომერსანტთან” ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე ბოლო პერიოდში მსგავსი ტრაგედიების ინტენსივობა, მასშტაბი და გარემოებები გაზრდილია, რაც მისივე თქმით, სახელმწიფოსგან მეტ კონტროლს მოითხოვს. უფლებადამცველი იხსენებს თბილისში ვაკის პარკის შემთხვევას, რიყეზე რამდენიმე კვირის წინ მომხდარ შემთხვევას, ახლა უკვე ბათუმის ტრაგედიას და დასძენს, რომ საკითხი დეტალურად უნდა იქნას გამოძიებული და შესწავლილი, სამართლებრივი შეფასებაც შესაბამისი უნდა იყოს.
“აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას. არ გამოირიცხება სისხლის სამართლის საქმის გადაკვალიფიცირება, თუმცა, მთავარი კითხვა, რომელიც დღეს საზოგადოებას გააჩნია, უსაფრთხოების ნორმების არსებობა/არარსებობაა. ბუნებრივია, წინასწარი დასკვნების გამოტანა ამ საკითხთან დაკავშირებით ნაადრევია, რადგანაც საკითხი დეტალურად შესასწავლია. ერთი მხრივ, ჩვენ ვხედავთ მოედანს, რომელსაც აქვს თუ არა სამშენებლო მოედნის სტატუსი, გასარკვევია. ამას მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ დადგინდეს პასუხისმგებელი სუბიეტი. მეორე მხრივ, უცვლელია, რეალობა: თუ ეს ტერიტორია სამშენებლო მოედანი არ იყო, ფაქტია, რომ ტერიტორია მოსუფთავებულია და განეკუთვნება იმ ტერიტორიას, სადაც მომავალში უნდა დაწყებულიყო მრავალბინიანი სახლის მშენებლობა. შესაბამისად, თუ კონკრეტულად რომელიმე კომპანიის პასუხისმგებლობის ქვეშ არ არის ეს ტერიტორია, მაშინ, ნებისმიერ შემთხვევაში, მას კერძო მესაკუთრე ვერ ეყოლება და იმ ტერიტორიის საზღვრები, სადაც ტრაგედია მოხდა, ეკუთვნის ან ადგილობრივ თვითმმართველობას, ან რომელიმე სამინისტროს, რომელიც შეიძლება იყოს ან აჭარის მთავრობის სამინისტრო, ან საქართველოს მთავრობის სამინისტრო (ზონების მიხედვითაა გადანაწილებული). ეს უმარტივესად დადგინდება. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობის საკითხი უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცულობასთან მიმართებით არის შესაფასბელი და გამოსაკვეთი. საზოგადოება უნდა დაელოდოს შედეგებს. ერთი რამ ფაქტია: ბავშვები ღრმა თხრილში აღმოჩნდნენ. ტრაგედია უბედური შემთხვევის შედეგია, მხოლოდ შედეგობრივად, თუმცა, აქ სამართლებრივად უნდა შეფასდეს ის მონაკვეთი, ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია და ვისი პასუხისმგებლობა იყო უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა. ექსპერტიზამ ისიც უნდა დააგინოს, რამ გამოიწვია ეს თხრილი: მოსწორების დროს ბუნებრივმა მდგომარეობამ, თუ ტრაქტორმა ამოთხარა სპეციალურად, ან იქნებ სხვა მიზეზით წარმოიშვა, ანუ უნდა დადგინდეს, ადამიანის ჩარევით წარმოშობილია ეს თხრილი, თუ ბუნებრივი წარმონაქმნია ტერიტორიიის მოსწორების შედეგად? ეს ყველაფერი დასადგენია, რამ წარმოშვა და რა სიღრმის იყო ჰქონდა თხრილს. ანუ დასადგენია, რამდენად უნდა გავრცელდეს ამ შემთხვევაში კანონის დარღვევების მასშტაბი. მთავარია, რომ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის კუთხით დაიწყო გამოძიება და დაველოდოთ,” – უხსნის “კომერსანტს” არჩილ კაიკაციშვილს.
“კომერსანტმა” ფაქტთან დაკავშირებით შეფასება სთხოვა ბათუმის მერიასაც. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ საკითხზე სპიკერს შეარჩევს, თუმცა, მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა.
იმავეს ამბობს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძეც. მისი მტკიცებით, უბედური შემთხვევა სადაც მოხდა, სამშენებლო ტერიტორია არ არის. მინისტრის განმარტებით, ბინების მშენებლობა ჯერჯერობით არ არის დაწყებული, ადგილზე მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოებია.