მამუკა მდინარაძე: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ

“ენით გამოუთქმელი ტრაგედიაა ორი პატარის გარდაცვალება. ალბათ სიტყვები ზედმეტია, თუმცა უნდა მოვახერხოთ ვუთანაგრძნოთ, ვანუგეშოთ – თუკი რამენაირად ეს შესაძლებელია…
პარალელურად, წარმოუდგენელ არაადამიანობას ვაწყდებით: ოღონდ პოლიტიკური ქულები დაიწერონ და ამ ტრაგედიაზე გეგმები განაახლონ, ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ტყუილებსაც, რომ თითქოს ბავშვები ჯართს აგროვებდნენ, რომ თითქოს იქ მშენებლობის ადგილია, მშენებლობა მიმდინარეობდა, საძირკველისთვის ამოღებული თხრილი იყო და ა. შ.
ჯართი, მშენებლობა… სიცრუისთვის, სიმძაფრისთვის და ხალხის გაგიჟებისთვის მოგონილი მავნებლობა და მთავარი მტკიცებულება იმისა, რამდენად არ ადარდებთ ბაშვების გარდაცვალებაც კი, ოღონდ თავიანთი გამარგინალებული გეგმები ოდნავ გამოაცოცხლონ… აქაც სარგებელს ეძებენ…
იქნებ ყველამ გაათვითცნობიეროს, რომ ახლა იმ პატარა ანგელოზების ოჯახებს გვერდით დგომა ჭირდება და არა, ისედაც უდიდესი ტრაგედიის, ტყუილებით და ბინძური პოლიტიკური მიზნებით დამძიმება” – წერს  სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში, „ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა. მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დღეს, 17:00 საათზე ეკონომიკის სამინისტროსთან აქცია იმართება –
„ვიკრიბებით ეკონომიკის სამინისტროსთან, რათა გავაპროტესტოთ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მოვითხოვოთ პასუხი ამაზე პასუხისმგებელ პირებისაგან და სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპული მცირეწლოვნების ახლობლებსა და მთელს საქართველოს“ — წერია ღონისძიების აღწერაში.