განუწყვეტელი მიწისძვრები კიკლადის კუნძულებზე – ექსპერტული შეფასებები

კიკლადის კუნძულებზე (სანტორინი-ამორგოსი-იოსი) მიწისძვრების სერია გრძელდება: კვირას ღამით, სანტორინისა და ამორგოსს შორის არსებულ ზღვის მონაკვეთში რამდენიმე ახალი დაფიქსირდა. მათმა სიმძლავრემ რიხტერის შკალით, შესაბამისად, 4,7, 5,0 და 4,4 ბალი შეადგინა. მიწისძვრების ეპიცენტრი კუნძულებიდან 21 კილომეტრში მდებარებდა.
ხელისუფლების ცნობით, პირველი ძლიერი მიწისძვრა კვირას 20:53 საათზე მოხდა და მისი სიმძლავრე რიხტერის შკალით 4,7 ბალი იყო, ცოტა მოგვიანებით კი, 21:05 საათზე, მიწისძვრა განმეორდა და მისმა სიმძლავრემ რიხტერის შკალით 5,0 ბალი შეადგინა. ბიძგების ეპიცენტრი საზღვაო ზონაში, არკესინი-ამორგოსიდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ-ში მდებარეობდა.
კვირას მიწისძვრა 21:16 საათზეც მოხდა. მისი სიმძლავრე რიხტერის შკალით 4.4 ბალი იყო, ეპიცენტრი კი ასევე არკესინი-ამორგოსიდან სამხრეთ-დასავლეთით 21 კმ-ში დაფიქსირდა.
ხელისუფლება, სეისმოლოგები და კუნძულის მცხოვრებლები კვლავ ფხიზლად არიან, მიუხედავად იმისა, რომ ბიძგები სულ უფრო იშვიათად ხდება.
შენობები მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ძველ ნაგებობას, რომელთა უმეტესობა მიტოვებული და დაუსახლებელია. ორშაბათს და სამშაბათს სკოლები დაიხურება როგორც სანტორინიზე, ამორგოსზე, იოსსა და ანაფიზე, ასევე ნაქსოსზე, პაროსზე, ანტიპაროსსა და კიმოლოსზე.
გეოდინამიკის ინსტიტუტის დირექტორი, ვასილის კარასტასი ადასტურებს, რომ ვულკანის ამოფრქვევა ამ რეგიონში არ დაფიქსირებულა და კალდერაში არსებულ სადგურებზე ჩატარებული გაზომვები ვულკანის სიმაღლის სტაბილურობას ადასტურებს. სანტორინიზე მდებარე იმეროვიგლის სადგურზე 2024 წლის აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ვულკანის სიმაღლე 4 სმ-ია, იმეროვიგლიდან უფრო სამხრეთით კი ის 2 სმ-მდე და 1 სმ-მდე მცირდება. სეისმოგრაფები რამდენიმე ადგილას სამეცნიერო მონაცემების შესაგროვებლად არის დამონტაჟებული, რაც მკვლევარებს ამ ფენომენის ანალიზში ეხმარება.
ამ ტერიტორიაზე, პარალელურად, ქანების გრავიტაციული გაზომვები დაიწყო. „გაზომვები გვაჩვენებს ქანების სიმკვრივეს დედამიწის სიღრმეში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ეს მონაცემები 2011-12 წლების მონაცემებს შევადაროთ და უფრო ღრმა ფენების შესწავლაზე გადავიდეთ“, – განმარტა ათენის უნივერსიტეტის გეოლოგიური ოკეანოგრაფიის პროფესორმა, ევი ნომიკუმ.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი