– ახლა ის ეტაპია, როცა კვლავ მასშტაბური აქციებისკენ უნდა წავიდეთ – ვაჩვენოთ სისუსტისკენ მიმავალ „ქართულ ოცნებას“, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერები და მეტნი ვართ

ამ აქციას ვუერთდები და რაც მთავარია, ახლა ის ეტაპია, როცა კვლავ მასშტაბური აქციებისკენ უნდა წავიდეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ ხალხი მათზე გაცილებით მეტი და ძლიერია.
„დღევანდელ დღეს პირველ სტარტს დავარქმევდი, ყოველდღიური სისტემატური აქციის პარალელურად, უკვე პირველი სტარტია მასშტაბურობისკენ. ყოველი შემდეგი დაანონსებული დიდი აქცია უფრო და უფრო მასშტაბური უნდა იყოს იმისთვის, რომ ვაჩვენოთ სისუსტისკენ მიმავალ „ქართულ ოცნებას“, რომელიც მხოლოდ ძალმომრეობითი მექანიზმით ცდილობს ძალის დემონსტრირებას და ძლიერის იმიჯის შექმნას, რომ ჩვენ გაცილებით ძლიერები და მეტნი ვართ“, – განაცხადა ვაშაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა მიუნხენის კონფერენციაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას და იმ ფაქტს, რომ იქ ხელისუფლების წარმომადგენლები მიწვეულები არ იყვნენ.
„თვითმარქვია რეჟიმის არადემოკრატიული ძალების ოლიგარქების ადგილი მიუნხენის კონფერენციაზე და საერთაშორისო მძლავრ პლატფორმაზე არასდროს იქნება. ქართველი ხალხის ადგილი არის იქ და ამიტომაც წარმოადგენს ამ შემთხვევაში ჩვენს ინტერესებს, რომელმაც წინასწარ გაიარა ჩვენთან ამ შეხვედრაზე მონაწილეობა. ძალა ერთობაშია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გზავნილი, რაც დავაბარეთ – ყველაფერი რისი გაკეთებაც საქართველოსთან დაკავშირებით შეიძლება, ახლა უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“.
ის ასევე გამოეხმაურა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შიმშილობასაც და განაცხადა, რომ ახლა „ყველას ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდეს ის, რადგან მისი მდგომარეობა მძიმეა“.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?