პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისებს შორის გარდამავალი პერიოდია, სადაც ახლა ვართ – გამყრელიძე (bm.ge)
„პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისებს შორის არის გარდამავალი პერიოდი, რომელშიც ახლა ვართ და თუ პროცესების დეესკალაცია არ მოხდა, ეკონომიკური კრიზისი მოვა, დადგება“, – ეს განცხადება BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბიზნესმენმა ნიკოლოზ გამყრელიძემ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
ნიკოლოზ გამყრელიძე ერთ-ერთი იყო იმ ბიზნესმენებს შორის, რომელიც მიმდინარე კვირაში სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ შეხვედრას ესწრებოდა.
„შეხვედრაზე განხილვის ძირითადი თემა იყო მოლოდინები ბიზნესსა და ეკონომიკაში. არავინ უარყოფს, ყოველ შემთხვევაში, იმ შეხვედრზე მყოფები, რომ ნელ-ნელა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც გვაქვს, იწყებს გადასვლას ეკონომიკურ კრიზისში. ზოგიერთ სექტორში ეს ჯერ შესამჩნევი არაა, მაგრამ ზოგიერთს უკვე დაეტყო – მაგალითად, ჰორეკა სექტორს“, – აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, რომ ბიზნესმენები „კრიზისულ გარემოზე მორგებას იწყებენ, რომლის ერთ-ერთი მექანიზმი ხარჯების შემცირებაა“.
„ადამიანის ბუნებრივი ინსტინქტია, რომ როდესაც არეულობაა გარეთ, ცდილობ რაღაცებში დაზოგო. ანალოგიური ქცევა ახასიათებს ბიზნესს და ეს გასაკვირი არ არის; ასე გადავდივართ ეკონომიკურ კრიზისში – შემცირდება ინვესტიციები, რეინვესტიციები, კომპანიები დაიწყებენ ნაკლებ ხარჯვას, შეიძლება დაიწყონ თანამშრომლების შემცირება და ა.შ. ეს არის ბუნებრივი ინსტინქტი, როდესაც ქვეყნის იზოლაციის რისკები დგას“, – განაცხადა ბიზნესმენმა.
„კრიზისის 79-ე დღეა. ვიგებთ თუ ვაგებთ“? – ჰკითხა გადაცემის წამყვანმა ბიზნესმენს, რაზედაც ნიკოლოზ გამყრელიძემ უპასუხა, რომ „ეს მარათონია და არ უნდა დავიღალოთ“.
„უკვე საკმაოდ ბევრი მიღწევაა ამ ბრძოლაში და კარგი იქნება, თუ მედია ამ მიღწევების ჩამონათვალს ერთად შეკრავს და შეაფასებს – ეს მოქალაქეების მოტივაციისთვისაც კარგი იქნებოდა. გრძელი გზაა და არ უნდა დავიღალოთ“, – აღნიშნა ნიკოლოზ გამყრელიძემ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „წერტილი უნდა დავუსვათ მცდელობას, საქართველოს გადაახვევინონ დასავლური კურსიდან“.
bm.ge
