აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბრაიან მასტი რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს “ბუფერულ ზონად” არ განიხილავს.
“არ შეიქმნება ისეთი სიტუაცია, სადაც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებს „ბუფერულ ზონად“ განვიხილავთ, ისეთ სივრცედ, რომელსაც დავთმობთ ან შეველევით, არაფერი ამის მაგვარი [არ იქნება]”, – უთხრა “რესპუბლიკელმა” კონგრესმენმა, ბრაიან მასტმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს, ვაჟა თავბერიძეს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ავღანეთის ომის ვეტერანია, ამბობს, რომ სამყარო “ორ ბილიკად” დაიყო, სადაც ერთ მხარეს აშშ, ნატო, ევროკავშირი და ისრაელია, მეორე მხარეს კი – ჩინეთი და რუსეთი:
“სამყარო ორ ბილიკად დაიყო და ამ ოთხი წლის ბოლოს ყველასთვის ცხადი გახდება,” – თქვა მან დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ვადაზე მითითებით, – “რომ ვინც კი ოდესმე იმ „მეორე ბილიკზე“, ჩინეთისა და რუსეთის ბილიკზე, გაოცებული დარჩება. ძალიან მალე მიხვდებიან, რომ ამერიკის, ნატოს, ევროკავშირისა და ისრაელის გზა ბევრად ძლიერია. რუსეთისა და ჩინეთის გზა? მალე აღარავის მოუნდება იმ ბილიკზე სიარული. ჩვენი გზა იქნება სწორი, ძლიერი – და ამას ყველა დაინახავს”.
ბრაიან მასტმა მიუნხენში რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოს გაძლიერება აშშ-ს მეტად უბიძგებს პარტნიორობისკენ.
„ანდერდოგის“, აუტსაიდერის წარმატების ისტორია კარგია ფილმებში. რეალურ ცხოვრებაში არ გამოდგება. ყველაზე პატარა ძაღლიც კი უნდა ცდილობდეს, მოღონიერდეს და თავის წონაზე მძიმე ბრძოლებში არ დაიჩაგროს”, – თქვა კონგრესმენმა.
მიუნხენის უსაფრთხოების 61-ეკონფერენციამ მუშაობა დღეს, 14 თებერვალს, დაიწყო. კონფერენციის მთავარი თემა უკრაინაში ომის გარშემო მოლაპარაკებაა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე – გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. სიტყვით გამოდის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვანსი.
გერმანიას და სხვა ქვეყნებს სურთ, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებაში ევროკავშირიც მონაწილეობდეს – სხვა ქვეყნების მეთაურები.
მიუნხენში ელიან ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს, რომლის მიუნხენში მიმავალი თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო უკან, ვაშინგტონში დაბრუნდა.
არ არის ცნობილი, მოახერხებს თუ არა ის 14 თებერვალს ზელენსკისა და ვანსთან შეხვედრას.
