არასამთავრობები: ხვალ ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს

პლატფორმა საქართველოს ორბიტის დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ანტიკონსტიტუციური კანონებით შეკრებისა და გამოხატვის უფლებების მნიშვნელოვანი ასპექტები აიკრძალა.
ლომჯარიას თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები 15 თებერვალს, ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მარშს მსვლელობით შეუერთდებიან.
“მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიულად, დაჩქარებული წესით მიიღო ანტიკონსტიტუციური ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. რეალურად, ამ ცვლილებებით შეიძლება ითქვას, რომ შეკრების და გამოხატვის უფლებების მნიშვნელოვანი ასპექტები აიკრძალა. თუმცა, ეს ჩვენ ვერ შეგვაშინებს, იმიტომ რომ ყველა ამ ქმედების მიზეზი არის ტერორი, საზოგადოება შეშინდეს და არ ჰქონდეთ სურვილი ისარგებლონ კონსტიტუციური და საერთაშორისოდ აღიარებული უფლებით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ერთსულოვნება, სოლიდარობა, ერთობა.
ხვალ ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გავივლით მარშს, რათა უარი ვუთხრათ რუსულ ავტორიტარიზმს, მხარი დავუჭიროთ რეჟიმის პატიმრებს, ერთმანეთს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ ერთობა, სოლიდარობა, შეურიგებლობა დიქტატორული კანონების მიმართ”, – თქვა ლომჯარიამ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებები დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, მარშის მიზანია, რომ ამით კიდევ ერთხელ უთხრან ხელისუფლებას, რომ დიქტატორულ რეჟიმს არ ურიგდებიან.
“მიზანია, ჩვენ კიდევ ერთხელ ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ იმ დიქტატორულ რეჟიმს არ ვურიგდებით, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს. ჩვენ არ ვურიგდებით იმ დაკავებებს, რომელსაც აქვს ადგილი ბოლო თვეების განმავლობაში. ჩვენ არ ვურიგდებით წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ჩვენ არ ვურიგდებით იმ დრაკონულ კანონებს, რომლებსაც ისინი იღებენ. ჩვენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ვიქნებით იქ, ევროპის მოედანზე და ყველასთან ერთად კიდევ ერთხელ ვეტყვით მმართველ პარტიას, რომ ჩვენ მათ ქმედებებს არ ვურიგდებით. ჩვენ არ გვეშინია და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას”, – თქვა გიგაურმა.