მოწმე პოლიციელი, რომელმაც სპეცრაზმელის დაშავების საქმეზე გამოძიება დაიწყო, გადაჭრით ვერ ამბობს, ვისი ნასროლი ფოიერვერკი მოხვდა და მეტიც, ვერ ამბობს, ვის მოხვდა. ეს განცხადება სამართალდამცველმა საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც სინდისის პატიმარ, გიორგი მინდაძის საქმის განხილვა მიდიოდა.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს საპროტესტო აქციაზე პიროტექნიკის გამოყენებას ედავებიან. გამოძიება ამტიცებს, რომ სწორედ მინდაძის მიერ გასროლილი ფოიერვერკი მოხვდა შენიღბულ სპეცრაზმელს. დღევანდელ პროცესზე კი გაირკვა, რომ პოლიციელმა ამ საქმის გამოძიება ფეისბუკზე ნანახი ვიდეომასალის გამო გადაწყვიტა.
“სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ვნახე, რამდენიმე წამიანი იყო, არ მახსოვს ზუსტად, გადაღებული იყო ერთ-ერთი პიროვნების, 9 აპრილის ქუჩაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ მხარეზე პოლიციელები იდგნენ, მეორე მხარეს მომიტინგეები და მომიტინგეების მხრიდან ერთ-ერთი პიროვნება, ახალგაზრდა, რომელიც პიროტექნიკის საშუალებით ახორციელებდა გასროლას, რომელი გასროლილიც პოლიციას ხვდებოდა და ფეთქდებოდა. ეს ჩავთვალე სამართალდარღვევად, ჩამოვტვირთეს ეს ტელეფონზე და პატაკის სახით მოვახსენე ჩემს ხელმძღვანელობას. ახალგაზრდა მამაკაცი იყო, საშუალო აღნაგობის, ჯინსის ქურთუკი ეცვა, პირბადე ჰქონდა, მაგრამ ცხვირსქვევით ჰქონდა ჩამოწეული. პოლიციელს ხვდება, მაგრამ რომელ პოლიციელს, არ ჩანს”, – თქვა მოწმემ.
დღევანდელ პროცესს მინდაძის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ბრალდების მხარეს მინდაძის წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არ გააჩნია.
მინდაძის საქმეზე მომდევნო სხდომა 24 თებერვალს 13:00 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურა არ გამორიცხავს რომ მომდევნი პროცესზე ის სპეცრაზმელი გამოკითხონ, რომელმაც, მათი მტკიცებით, უმძიმესი დაზიანება მიიღო.
