თბილისში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან სადიგოვმა, რომელიც 149 დღეა შიმშილობს, მისი ცოლის ცნობით, ოჯახისა და უფლებადამცველების თხოვნით მშრალი შიმშილობა შეწყვიტა.
აფგან სადიგოვმა 2025 წლის 2 თებერვალს, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე. ჟურნალისტის ამ რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა სასამართლოს მიერ მისი წინასწარი პატიმრობის 3 თვით გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო დროებითი ღონისძიება, რომელიც კრძალავს მის აზერბაიჯანში გადაცემას.
“აფგანმა მშრალი შიმშილობა შეწყვიტა. დღეს ველაპარაკე და ძალიან ვთხოვე, რომ ბოლომდე არ გაწიროს თავი და შეწყვიტოს მშრალი შიმშილობა”, – უთხრა ნეტგაზეთს სადიგოვის ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ.
შიმშილობის ფონზე, სადიგოვმა 40 კილოგრამი დაიკლო. ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამია. როგორც მისი უფლებამდაცველები ამბობენ, სადიგოვი კვლავ უარს ამბობს სამედიცინო დაწესებულებაში გადასვლაზე და საპატიმროში რჩება.
აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 2020 წელს, აზერბაიჯანში უკანონოდ მეორედ დაკავების შემდეგ, როდესაც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, 242 დღე იშიმშილა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა გახდა აუცილებელი.
“ახლა უკვე უჭირს საუბარი და ეტლის მეშვეობით გადაადგილდება, პერიოდულად აქვს გონების დაკარგვის ეპიზოდები” , – ასე აფასებს აფგან სადიგოვის მდგომარეობას სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელიც სადიგოვს ადვოკატირებას უწევს.
ორგანიზაცია მიმართავს სახალხო დამცველს, შექმნას სპეციალური მულტიდისციპლინური კომისია, რომელიც აფგან სადიგოვის მდგომარეობის რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებს.
თამთა მიქელაძის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პროგრამის დირექტორის ინფორმაციით, ამჟამად სწორედ მათი ორგანიზაცია მუშაობს იმ ექიმების შერჩევაზე, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატის ეგიდით აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეისწავლიან.
12 თებერვალს სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, სახალხო დამცველის ექიმმა შეაფასა სადიგოვის მდგომარეობა.
სახალხო დამცველის ცნობით, “ფიქსირდება წონის გამოხატული კლება. ექიმის მოსაზრებით, სხვა მონაცემები ამ ეტაპზე სახიფათო არ არის, თუმცა არც უეცარი გართულებები გამოირიცხება”.
“სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული ექიმის მიერ აფგან სადიგოვს მიეწოდა ინფორმაცია შიმშილობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. დამატებით, ინფორმაცია მიეწოდა ასევე სახალხო დამცველის აპარატში მის განცხადებებთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირებისა და სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ. სახალხო დამცველის აპარატმა დამატებით უკვე გამოითხოვა პატიმრის სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად. სახალხო დამცველი განაგრძობს აფგან სადიგოვისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგს”, – ვკითხულობთ ომბუდსმენის განცხადებაში.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აფგან სადიგოვი ერთმანეთს ანაცვლებდა შიმშილობის სხვადასხვა ფორმას – ნაწილობრივი [როდესაც სხვადასხვა საკვებ დანამატს იღებს ადამიანი], სრულს [მხოლოდ წყლის მიღება] და აბსოლუტურ [წყალსაც არ იღებს] შიმშილობას.
“როდესაც ამდენდღიან შიმშილობაზე ვსაუბრობთ, ჩემი დაკვირვებით, სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანების რწმენა დგას ამის უკან, რომ საკუთარ სხეულებზე გამარჯვების მოპოვების იმედი აქვთ, როდესაც სხვა მექანიზმები აღარ აქვთ სასტიკ რეჟიმებთან ბრძოლაში”,- ასე ხსნის თამთა მიქელაძე იმას, რომ რამდენიმეთვიანი შიმშილობის ფონზე აფგან სადიგოვი ცოცხალია.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ცოლი, სევინჩ სადიგოვა ნეტგაზეთთან კვლავ საუბრობს ალიევისა და ივანიშვილის რეჟიმების სისასტიკეზე.
“ორივე სახელმწიფოს სათავეში მყოფი მკვლელები ერთ დღეს მსოფლიო მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს”,- ამბობს სევინჩ სადიგოვა.
უსაფრთხოების გამო სადიგოვის ცოლმა და მისმა შვილებმა საქართველო უკვე დატოვეს და ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გადავიდნენ.
“ეს ძალიან რთული არჩევანი იყო. თუმცა, უსაფრთხოების საკითხი იდგა. აფგანმა მთხოვა, რომ სასწრაფოდ დაგვეტოვებინა საქართველო, ვინაიდან რეჟიმი ბინძურია და ყველაფერი მოსალოდნელია მათგან, რადგან აზერბაიჯანში, სკოლაშიც კი მიადგნენ ბავშვებს”.
აფგან და სევინჩ სადიგოვები, ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად, საქართველოში 2023 წლის ბოლოს ჩამოვიდნენ. მიმდინარე წლის 18 ივლისს აფგან სადიგოვი, თურქეთის გავლით, მესამე ქვეყანაში აპირებდა გადასვლას, თუმცა, მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპასპორტო კონტროლის გავლისას უთხრეს, რომ ერთადერთი ქვეყანა, სადაც საქართველოდან წასვლა შეეძლო, აზერბაიჯანი იყო.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
