პარტია “საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის შეფასებით, მთავრობის განცხადებები თითქოს იმპორტის ზრდა დაკავშირებული იყო ეკონომიკური აქტივობის მატებასთან არის სიცრუე, როდესაც იმპორტის მატების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის მიერ ნახატების კოლექციის საქართველოში გადმოტანა იყო.
“იმპორტის ჭრილში 45%-იანი ზრდა თანაც იანვარში არის ძალიან მაღალი და მთავრობის განცხადება, რომ ეს ეკონომიკის შიდა მოხმარების ზრდას უკავშირდება, არის სინამდვილეში ერთი ადამიანის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია და მისი ისტერიული შიშები, რომ მისი ქონება არ დაიკარგოს და არა რაღაც ეკონომიკური ბუმი, რომელმაც ეკონომიკა უნდა გააჯანსაღოს”, – აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
პარტია “საქართველოსთვის” წევრი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს მის მიერ ქვეყანაში ნახატების შემოტანის დროს იმპორტის დეკლარაციაში ნებისმიერი თანხის მითითება შეეძლო, მათ შორის მნიშვნელოვნად შემცირებული ფასის ჩაწერაც.
“როდესაც არ არსებობს ინსტიტუციური ზედამხედველი, მას საერთოდ შეუძლია რომ მესამედამდე შეამციროს ან გაანულოს აქტივების ღირებულება იმპორტის დეკლარაციაში”, – აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
თავის მხრივ უშუალოდ 481 მილიონი დოლარის, ანუ 1.35 მილიარდი ლარის ხელოვნების ნიმუშების შემოტანა, თუკი იმპორტის დროს გამოყენებული იყო ოფშორების საგადასახადო შეღავათი, ამ ოპერაციის განმახორციელებელ კომპანიას დღგ-ის სახით 242 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებას გაუუქმებდა.
BMG-იმ ბიძინა ივანიშვილის იურისტს, ლაშა კალანდაძეს მიმართა კითხვით – მოხდა თუ არა ივანიშვილის მიერ ხელოვნების ნიმუშების საქართველოში გადმოტანა და გამოყენებული იყო თუ არა ოფშორების კანონის შეღავათები, რასთან დაკავშირებითაც კალანდაძემ გვიპასუხა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმირებული არაა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში $481 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები შემოვიდა, ამ ტრანზაქციის გამო იმპორტის მოცულობა რეკორდულად 45%-ით გაიზარდა და 1.6 მილიარდ დოლარს მიაღწია.
bm.ge
