საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა, ცუდი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის.
ამის შესახებ მან Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
მაკრონის თქმით, მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, შეუძლია თავისი ქვეყნის სახელით მოლაპარაკება რუსეთთან ომის დასრულების თაობაზე.
„ამ ეტაპზე ერთადერთი საკითხია, არის თუ არა პრეზიდენტი პუტინი მზად, გულწრფელად, მტკიცედ და დამაჯერებლად დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ამ საფუძველზე. ამის შემდეგ უკრაინელების გადასაწყვეტია რუსეთთან მოლაპარაკება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ამასთან, მაკრონის თქმით, საჭიროა, რომ ყველა ფხიზლად იყოს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე მხარი დაუჭირა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას, რომ ევროპას ეკისრება პასუხისმგებლობას უკრაინის უსაფრთხოებაზე.
მაკრონმა აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის დაბრუნებას „ელექტროშოკი“ უწოდა, რომელმაც ევროპა უნდა აიძულოს დაიცვას როგორც საკუთარი, ასევე უკრაინის მომავალი.
„ტრამპი ეუბნება ევროპას, რომ თქვენ უნდა აიღოთ ეს ტვირთი. მე ვამბობ, რომ ეს ჩვენ საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ“, – განაცხადა მაკრონმა.
12 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. პუტინთან საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეთანხმდნენ, მათი შესაბამისი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებდნენ მოლაპარაკებებს უკრაინის საკითხზე.
