გორის საკრებულოს სხდომაზე მისული მოქალაქეები საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ დარბაზიდან გააძევა.
მოქალაქეების თქმით, ისინი სხდომათა დარბაზში კითხვების დასასმელად მივიდნენ.
“როცა [დავით რაზმაძე] ამბობს, რომ პირდაპირ დაფინანსებას ევროკავშირიდან გორი არ იღებს, რას ნიშნავს არ იღებს?! როცა შემიძლია, გავიყვანო და ვაჩვენო უამრავი გარემონტებული სკოლა, ვაჩვენო კოტეჯები, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებით აუშენდათ დევნილებს და დღეს თავშესაფარი აქვთ და ზამირ კვეკვესკირივით თავის მოკვლა არ უწევთ. ეს დევნილები ევროკავშირმა დააბინავა”, – თქვა მედიასთან მოქალაქემ.
გორის საკრებულოს თავმჯდომარე ირწმუნება, რომ “ქვეყნის მოღალატეების ადგილი აქ [საკრებულოს შენობაში] არ არის”.
“ქვეყნის მოღალატეების ადგილი აქ არ არის. ყიდიან საქართველოს. ვინც ევროკავშირის იმ რეზოლუციას მხარს უჭერს, აბსოლუტურად ყველა არის საქართველოს მოღალატე. ქვეყნის ღალატის უფლება არავის არ აქვს. თქვენ გძინავთ? შეხედეთ რა ხდება ევროპაში.
რეგლამენტის მიხედვით მათ ნებართვა უნდა აეღოთ ჩემგან, მე მივცემდი მაგ ნებართვას, მაგრამ ეს თავხედობა ვერ ავიტანე, რომ რეგლამენტი დაარღვიეს [ამიტომ გავაძევე მოქალაქეები].
ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო. თუნდაც ის აგენტები დააფინანსა, რომლებიც საქართველოს ებრძვიან”, – ამტკიცებს რაზმაძე მედიასთან.
