საზმაუს სამეურვეო საბჭოს წევრები გორგილაძის გადაცემის დახურვაზე: ვაპირებთ დირექტორისგან ახსნა-განმარტება გამოვითხოვოთ

რატომ დაიხურა გადაცემა “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ოფიციალურ განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს. 2024 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 110 მილონზე მეტი უნდა იყოს, ტელევიზიის მენეჯმენტი კი ერთ-ერთ ყველაზე ყურებად გადაცემას ფორმალურად ფინანსური რესტრუქტურიზაციის გამო აუქმებს.
ამ მოულოდნელ გადაწყვეტილებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, შეიქმნა პეტიციაც, რომლის ადრესატი პირველი არხის ხელმძღვანელობაა. პეტიციის ავტორი ამბობს, რომ გადაცემის დახურვის მიზეზი სავარაუდოდ ცენზურაა, რადგან წარმოების თვალსაზრისით გადაცემის ბიუჯეტი საკმაოდ მოკრძალებულია.
“არ ვიცი რა გადაცემებია დახურული, რა მიზეზით არის დახურული, როგორი საბიუჯეტო ცვლილებები ახლავს ამ პროცესს თან და რატომ მოხდა ყველაფერი იმგვარად, რომ ერთ დღეს დაამტკიცეს ბიუჯეტი, ჩვენ არ მიგვიცია ხმა მართალია, მაგრამ ხომ დაამტკიცა საბჭომ ბიუჯეტი და მეორე დღეს დახურეს გადაცემები. ხომ არ იყო დაკავშირებული ეს ამბავი იმასთან, რომ გადაცემის ავტორი, მაგალითად, ამ შემთხვევაში დავით გორგილაძე, თავის დროზე აპროტესტებდა რუსულ კანონს, ჩვენ ამ საქმეს ასე რა თქმა უნდა არ დავტოვებთ, ვაპირებთ გამოვითხოვოთ სრული ახსნა-განმარტება დირექტორებისგან”, – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია.
დირექტორთან კითხვები აქვს საბჭოს კიდევ ერთ წევრ ლაშა ტუღუშსაც, მისთვის გაუგებარია რატომ უნდა გაქრეს მსგავსი ტიპის გადაცემები ეთერიდან. ტუღუში ამბობს, რომ კითხვებით დირექტორს სავარაუდოდ ორშაბათს მიმართავენ.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” დირექტორი “მთავარი არხის” კითხვებს არ პასუხობს.