„აგარის შაქარი“ სუბსიდირებაზეა, არ იხდიან არც ელექტროენერგიის და არც გაზის გადასახადს, მაგრამ მაინც ამბობენ, რომ ფული არ აქვთ და მე-13 ხელფასს ვერ გასცემენ – LABOR

„აგარის შაქარი“ სუბსიდირებაზეა, არ იხდიან არც ელექტროენერგიის და არც გაზის გადასახადს, მაგრამ მაინც ამბობენ, რომ ფული არ აქვთ და მე-13 ხელფასს ვერ გასცემენ – LABOR
„აგარის შაქრის“ მწარმოებელი ქარხნის თანამშრომლების პროტესტი ისევ აქტიურია. დასაქმებულები დაპირებულ ე.წ. მე-13 ხელფასს ითხოვენ.
როგორც პროტესტის მონაწილეები ჰყვებიან, დასაქმებულები წელიწადში 3-4 თვის განმავლობაში არ მუშაობენ, ხელშეკრულება დეკემბრის ბოლომდე ფორმდება, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კი, კომპანია ყოველ წელს გასცემდა ე.წ. მე-13 ხელფასს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ქარხნის ამუშავებამდე თავის გატანა შეძლონ, თუმცა დასაქმებულებმა 24 დეკემბერს გაიგეს, რომ კომპანია უარს აცხადებს მის გაცემაზე.
ქარხანაში დასაქმებულები მთავრობისგან მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას ან ობიექტის გამოსყიდვას ითხოვენ.
„აგარის შაქრის“ წარმომადგენლები „კომერსანტთან“ ამბობენ, რომ ქარხანაში კონსერვაცია 1-ელი იანვრიდან დაიწყო, ამ ეტაპზე კი შარშან გადამუშავებული შაქრის რეალიზაცია მიმდინარეობს.
რაც შეეხება ანაზღაურებას, გვეუბნებიან, რომ: „აგარის შაქრის კომპანიას არც შარშან და არც წინა წლებში სახელფასო დავალიანებები არ ჰქონია და ყველა ვალდებულება პირნათლად აქვს შესრულებული“.
გაფიცვის თანაინიციატორი, აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის LABOR -ის განმარტებით, პრობლემა სწორედ ის არის, რომ ქარხანაში დასაქმებულებს შრომის ხელშეკრულება არ აქვთ და პრემიის გაცემა სრულად კომპანიის „კეთილი ნებაა“. მათ შეუძლიათ მე-13 ხელფასი არ გასცენ მაშინაც, კი თუ სიტყვიერი შეთანხმება და დაპირება არსებობდა.
„მე-13 ხელფასი დამსაქმებლის უფლებაა, ე.ი დამსაქმებელი თავად წყვეტს, გადაიხდის თუ არა ამ ხელფასს. დასაქმებულები მძიმე სოციალური პირობებიდან გამომდინარე ითხოვდნენ მე-13 ხელფასის დარიცხვას, ასევე, ქარხანაში ძალიან მძიმე შრომის პირობებია.
„აგარა“ ასე ხშირად იქცევა, რაღაც პერიოდი გააჩერებენ ქარხანას, მერე ამუშავებენ და ასე გრძელდება წლებია, რაც კანონით დაუშვებელია. თუ „აგარის შაქარი“ არ მუშაობს, ეს დამსაქმებლის ბრალეულობაა, რაც უნდა ანაზღაურდეს, დასაქმებულებს კი შრომის ხელშეკრულებაც არ აქვთ.
ამ მომენტისთვის „აგარის“ ქარხნის თანამშრომლები დამსაქმებლის პოზიციას ელოდებიან, ალბათ მარტისთვის იქნება პასუხი.
ადრე ქარხანაში პროფესიული კავშირი ფუნქციონირებდა, სამწუხაროდ, ახლა აღარ არის.
შევთავაზეთ ქარხნის თანამშრომლებს, რომ ეს პროფკავშირი აღდგეს, რაშიც მაქსიმალურად დავეხმარებით, რადგან სწორედ ამ პროფკავშირს ექნება იურიდიული უფლება რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღოს“,- ამბობს პროფესიული კავშირის წარმომადგენელი გიორგი დიასამიძე.
როგორც იანვრის თვეში კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, „აგარის შაქარმა“ წელი ცუდი შედეგებით დაასრულა, ამიტომ წინა წლის მსგავსად პრემიები ვერ გასცეს და ერთი ტომრის ნაცვლად დასაქმებულებს საახალწლოდ ორ ტომარა შაქარს აძლევენ. ამ პოზიციას კატეგორიულად უარყოფენ პროტესტის მონაწილეები. მათი თქმით, კომპანია სუბსიდირებულია და გაუგებარია, რომ „აგარა“ მე-13 ხელფასის თანხებს ვერ აგროვებს.
„მენეჯმენტის პოზიცია ისაა, რომ ზარალზე მუშაობენ, მაშინ, როცა თანამშრომლების საპროტესტო მსვლელობის დღიდან სუბსიდირებაზე არიან. არ იხდიან არც ელექტროენერგიის და არც გაზის გადასახადს, მაგრამ მაინც ისე იქცევიან, როგორც ვხედავთ, მაინც ამბობენ, რომ ფინანსები და შემოსავლები არ აქვთ.
დაასაწყობეს შაქარი და როცა საჭიროა, მაშინ ყიდიან. „აგარის“ წარმოება ორჯერ ნაკლებია იმაზე, რა მოთხოვნაც ქართულ ბაზარზე არის. დანარჩენი დისტრიბუტორების მხრიდან შემოდის, მაგრამ როგორც ცნობილია „აგარის შაქრის“ წარმოებას საკმაოდ კარგი ხარისხი აქვს. კომპანიაში როგორც ამბობენ, სადღაც მაისისთვის აპირებენ გახსნას“,- ამბობს გიორგი დიასამიძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში.