ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ მზად არიან გააძლიერონ კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობები და უკრაინის მხარდაჭერა.
საფრანგეთმა უმასპინძლა „ვაიმარი+“-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რის შემდეგაც გერმანიამ, საფრანგეთმა, პოლონეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა და ევროკომისიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
„ჩვენ მზად ვართ, გავაძლიეროთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, ჩვენ ერთგული ვართ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი. ჩვენ ვიზიარებთ მიზანს, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა სამართლიანი, ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევამდე — მშვიდობა, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის და ჩვენი ინტერესების გარანტიას“, — ნათქვამია განცხადებაში.
ვაიმარი+ აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის სამომავლო გეგმების განხილვას ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად.
„ჩვენი საერთო მიზნები უნდა იყოს უკრაინის ძლიერ მდგომარეობაში დაყენება. უკრაინა და ევროპა უნდა იყვნენ ნებისმიერი მოლაპარაკების ნაწილი. უკრაინას უნდა მიეცეს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები. უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა აუცილებელი პირობაა ძლიერი ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. ევროპის კონტინენტის უსაფრთხოება ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა. ამიტომ ჩვენ ერთად ვმუშაობთ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად“, — ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, შემდეგ კი, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ტრამპი და პუტინი ვიზიტების გაცვლაზე და უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
„დროა შეწყდეს ეს უაზრო ომი, რომელმაც მასობრივი და სრულიად არასაჭირო სიკვდილი და ნგრევა მოიტანა. ღმერთმა დალოცოს რუსეთისა და უკრაინის ხალხი“, — დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
რამშტაინის ფორმატში აშშ-ის ხედვა წარმოადგინა თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა. მან თქვა, რომ უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებთან დაბრუნება და ნატოში გაწევრიანება არარეალისტური მიზანია. ამის ნაცვლად, ჰეგსეთის თქმით, უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების ძლიერ გარანტიები, რომლებიც გამაგრებული იქნება ქმედუნარიანი ევროპული და არაევროპული ჯარების მიერ. ამასთან, თუ ეს ჯარები უკრაინაში სამშვიდობოებად განლაგდებიან, ეს არ უნდა მოხდეს ნატოს ეგიდით.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/afxazava_lado-300x164.webp)