ფერმერის ცნობიერების ამაღლებაა საჭირო, რათა სუბსიდირება გამართლებული იყოს, – ასე აფასებს თხილის სექტორში სუბსიდიის პრაქტიკას “აგრითრეიდის” და “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის” თანადამფუძნებელი ბაია სალუქვაძე.
საქმე ისაა, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2025 წელსაც გაგრძელდება და ბიუჯეტიდან მეთხილე ფერმერების სუბსიდირებისთვის 23 მილიონი ლარი გამოიყო მაშინ, როდესაც 2024 წელს მეთხილე ფერმერების ხელშეწყობისთვის 21.5 მილიონი ლარი, პროგრამის ამოქმედების პირველ – 2023 წელს კი 21 მილიონი ლარი დაიხარჯა.
როგორც ბაია სალუქვაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ პირველადი წარმოება ძალიან რთულია, იდეოლოგიურად სუბსიდია გამართლებულია, თუმცა გამოწვევაა მიკვლევადობის ნაწილი, ანუ, სახელმწიფოს მხრიდან არ ხდებოდა იმ რესურსის გაკონტროლება, რომელსაც ისინი ფერმერებს გადასცემდნენ. ამიტომ, სალუქვაძის მოსაზრებით, ხშირად ფერმერები სუბსიდიას არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ.
“ხშირად გვსმენია, რომ ფერმერს დახმარება აუღია და სხვა რამეში დაუხარჯავს, ან სხვა ფერმერისთვის მიუყიდია, რის გამოც სახელმწიფო სტრუქტურებმა, ჩემი ინფორმაციით, სუბსიდირების პრაქტიკა გაამკაცრეს.
თუმცა, ყველაფერი ფერმერის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რადგან თხილის ბაღებსაც სჭირდებათ გეგმური წამლობები. გეგმური წამლობების ჩატარება თხილის ხარისხზე და მის გასაყიდ ფასზე პირდაპირ აისახება. შესაბამისად, ფერმერის ცნობიერების ამაღლებაა საჭირო, რათა სუბსიდირებები გამართლებული იყოს”, – ამბობს “აგრითრეიდის” და “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის” თანადამფუძნებელი, რომელსაც ორი საწარმო აქვს – სამეგრელოსა და კახეთში.
რაც შეეხება პროგნოზს, თუ როგორი მოსავალი იქნება წელს, სალუქვაძის თქმით, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა და სავარაუდოდ, ივლისში ცნობილი გახდება, თუ როგორი მოსავალი იქნება წელს. მისივე შეფასებით, ქართული თხილის ძირითადი შემსყიდველი ევროპული ქვეყნები არიან.
ინფორმაციისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 106.2 მლნ აშშ დოლარის 17,720 ტონა თხილი გაიტანა, რაც 2023 წლის მონაცემზე თანხაში 15.7%-ით მეტია, რაოდენობრივად კი, 6.1%-ით ნაკლები. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ წელს თხილის ღირებულება საერთაშორისო ბაზარზე გაიზარდა – 2024 წლის საშუალო საექსპორტო ფასი 5.9 დოლარი იყო, ხოლო 2023 წლის 4.7 დოლარი.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/giorgi-qadagidze-750x375-rcAWmS-300x150.jpeg)