ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზვიად ჩხარტიშვილი ამბობს, რომ პორტის გაფართოების პროექტზე მთავრობისგან კვლავ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდებიან.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნა, კომპანიის მხრიდან დოკუმენტზე მუშაობა დასრულებულია.
ამასთან, მან იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რაც არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის შესრულდა.
“რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი შიდა ინფრასტრუქტურის მუდმივ გაუმჯობესებას, არ ვჩერდებით, მცირეოდენი, მაგრამ გაუმჯობესების პროცედურები გავაგრძელეთ და საკონტეინერო ტერმინალში განვახორციელეთ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება, გადავიყვანეთ თანამედროვე სისტემაზე. დღეს ჩვენ შეგვიძლია სრულად მოვემსახუროთ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით მიმავალ ბლოკმატარებლებს. ასევე, განათების სისტემები გამოვცვალეთ. იცით, რომ პორტი 24 საათი ოპერირებს და ღამით ხილვადობა გავზარდეთ”, – აღნიშნა ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია როგორც კომპანიის, ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის 2023 წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს APM Terminals-ს ფოთს ახალ პორტში პირველი გემი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა.
გასული წლის მარტში ფოთის პორტის მმართველი კომპანია აცხადებდა, რომ პორტის გაფართოებაში $200-მილიონიანი ინვესტიცია მთავრობის მიზეზით ჭიანურდებოდა. ეკონომიკის მინისტრი კი აღნიშნავდა, რომ გაჭიანურების მიზეზი ინვესტორის საინვესტიციო პრიორიტეტების ხშირი ცვლილება იყო.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/tegeta_w_h-300x169.jpeg)