„საქართველოში, 2023-2024 წლებში დაახლოებით 30 000-35 000 წყვილი განქორწინდა. იზრდება საქორწინო კონტრაქტების დადების კულტურაც“ – არჩილ კაიკაციშვილი

გასული წლის მხოლოდ ბოლო 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9 924 და განქორწინების 6 859 შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი წყვილი დედაქალაქში ქორწინდება და განქორწინების მაჩვენებელიც ყველაზე მეტი თბილისშია.
განქორწინების მზარდ მაჩვენებლებს ოფიციალურ სტატისტიკასთან ერთად, იურისტებიც მოწმობენ. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ 2023-2024 წლებში დაახლოებით, იმდენივე წყვილი განქორწინდა, რამდენიც 2021, 2022 და 2023 წლებში ერთად.
„ბოლო მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ქორწინებების სასამართლოს გზით განქორწინების სტატისტიკა მზარდია. მთლიანობაში, განქორწინების რაოდენობა ძალიან მზარდია, რადგანაც წყვილს შესაძლებლობა აქვს სასამართლომდე სერვისების განვითარების სააგენტო აირჩიოს განქორწინების ადგილად, ის დაწესებულება, სადაც რეგისტრირებული ქორწინება ხდება. შესაბამისად, მხოლოდ სასამართლოს სტატისტიკა არასაკმარისია იმისთვის, რათა საკითხთან დაკავშირებით სრული სურათი წარმოვადგინოთ. სასამართლოში დავა მხოლოდ მაშინ გადადის, როცა მხარეები განქორწინების პირობებზე ვერ თანხმდებიან და ასევე, მაშინ, როცა განქორწინების დროს წყვილებს სხვადასხვა მოთხოვნილებები აქვს, მაგალითად ისეთი, რომელიც საალიმენტო ვალდებულებებს უკავშირდება, არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას, თანაცხოვრებაში შეძენილი უძრავი ქონების გაყოფას, ასევე არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის და საზღვარგარეთ გაყვანის საკითხებს, რაც კომპლექსურია და მხოლოდ და მხოლოდ განქორწინებით ვერ შემოიფარგლება.
2023-2024 წლების ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 30 000- 35 000 წყვილი განქორწინდა, რაც აბსოლუტურად მზარდი მაჩვენებელია. 2023 წელსაც გამოვაქვეყნეთ იგივე მონაცემები, რაც სამი წლის ჯამს მოიცავდა, ამ მაჩვენებლებით 34 400 წყვილი იყო განქორწინებული“,- აღნიშნავს იურისტი „კომერსანტთან ინტერვიუში“.
მისივე თქმით, გაზრდილია საქორწინო კონტრაქტის დამდები წყვილების რაოდენობა, თუმცა ამას ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, მასშტაბური ხასიათი არ აქვს.
„საქორწინო კონტრაქტი კანონისმიერი პირობაა, რომელიც დროსაც მხარეებს შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში სხვადასხვა უფლებრივი მდგომარეობა. ეს შეეხება როგორც ქორწინებამდე, ასევე ქორწინების პერიოდში ან განქორწინების შემთხვევაში სხვადასხვა მოვალეობებისა და ვალდებულებების საკითხს, როგორც არასრულწლოვან შვილებთან, ასევე ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით.
იმისთვის, რათა აირიდონ სასამართლო ინსტანცია და ხარჯები, ასევე იმისთვისაც, რომ მათი უფლებრივი და ქონებრივი მდგომარეობა ცხადი და გარკვეული იყოს. საქორწინო კონტრაქტი დგება მხარეთა შორის სანოტარო ბიუროს დამტკიცების საფუძველზე და რეგისტრირდება ნოტარიუსთა ერთიან ბაზაში. შესაბამისად, მას უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ყველა იმ დათქმასთან მიმართებით, რომელიც საქორწინო კონტრაქტის შედგენამდე არსებობდა.
საქართველოში, საქორწინო კონტრაქტების დადების კულტურა იზრდება, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ პოპულარულია ან მასობრივი, როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში“,- აღნიშნა „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა.