თბილისის ცენტრალურ უბნებში გაზის გათიშვა დიდი ალბათობით მაგისტრალური ქსელების პრობლემას უკავშირდებოდა. მართალია, კომპანიამ განცხადება გააკეთა და ,,მესამე პირის“ ბრალეულობაზე მიანიშნა, თუმცა არსებობს სხვა მყარი არგუმენტიც, რასაც სპეციალისტები ცენტრალური ქსელების სიძველით ხსნიან. რა თქმა უნდა მოსალოდნელია მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმება, რასაც გაზის ავარიული გათიშვის გახშირებაც მოჰყვება.
რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, დაზიანდა ცენტრალური 500-მილიმეტრიანი გაზსადენი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ამარაგებს. როგორც „თბილისი ენერჯის“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გაზსადენი, სავარაუდოდ, „მესამე პირის“ მიერ დაზიანდა. „ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა და დამატებითი დეტალები უმოკლეს დროში გავრცელდება“, – აღნიშნეს კომპანიაში.
ამ ვერსიის ნაკლებად სჯერათ დარგის სპეციალისტებს. მათი აზრით, ეს უფრო ავარიას ჰგავს, ამიტომ პირველი, რაც უნდა ჩაატაროს კომპანიამ, მაგისტრალური მილების სარეკონსტრუქციო სამუშაოებია, რის გარეშეც თბილისის გაზმომარაგებაში პრობლემა მუდმივად იქნება.
გაზის მეურნეობის სპეციალისტის, სოსო სიმონიშვილის ინფორმაციით, დედაქალაქში არსებულ მილებს ექსპლუატაციის ვადა ორჯერ გაუვიდა, რაც ნიშნავს, რომ ამორტიზებულია და სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
,,თბილისის გარშემო არის მაღალი და საშუალო წნევის ქსელები, რომელსაც ექსპლუატაციის ვადა უკვე ორჯერ გაუვიდა. ერთი ვადის შემდეგაც ის უკვე ამორტიზებულია და აქ უფრო ხანგრძლივ ვადაზეა საუბარი. თბილისის ცენტრალურ უბნებში გაზიფიკაცია დამთავრდა 1960 წელს, გაზის მიწისქვეშა ქსელის ექსპლუატაციის ვადა არის 20-25 წელიწადი, ჩვენთან კი 60 წელზე მეტი გავიდა. ელექტრო-ქიმიური დაცვით, ამ მილებმა იმუშავა 30 წელი, მომდევნო 35 წელი კი იმუშავა დაცვის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ ამ მილებმა არა ორი ვადა, არამედ სამი ვადა ამოწურა.
ამასთანავე მიწაში არის ე.წ. მოხეტიალე დენები: დამიწება – რკინიგზის, ტრამვაის, მეტროს, “ფიდერების” ამბავიც იყო ჩვენთან აქტუალური, ფაზას იპარავდა ხალხი და მერე ამიწებდა და მრიცხველებს აჩერებდა, ეს ყველაფერი დენს წარმოქმნის. მოგეხსენებათ, თბილისი წყალზე დგას და ეს არ არის გაფილტრული და გამოხდილი წყალი, ეს არის ელექტროლიტი, ასეთ გარემოში დენი “სეირნობს”, ზოგჯერ ეს დენი მიწისქვეშა ლითონის მილებზე მოქმედებს ისე, როგორც ელექტროშედუღების აპარატი და პირდაპირ ხვრეტს მილს, რაც შემდეგში დიდ პრობლემას იწვევს. ასე რომ, მიწისქვეშა გაზსადენები საფრთხის ქვეშაა“, – განუცხადა ,,რეზონანსს“ სოსო სიმონიშვილმა.
რაც შეეხება მილების განახლების საკითხს, საჭიროა მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკა, რათა დადგინდეს, რა კონკრეტული მონაკვეთები როგორ მდგომარეობაშია.
,,გარდა ამისა, მილები ჟანგმა შეჭამა. ამ დროს კომპანია წერს, რომ მიზეზი გაურკვეველია. სინამდვილეში ყველაფერი გარკვეულია. ტექნიკას რომ ყიდულობ, მაგალითად, მაცივარს, ყველაზე ხარისხიანის გარანტია 10 წელია. ამის შემდეგ ან იმუშავებს ან არა. ასეა ამ შემთხვევაშიც, როცა მილს დებდნენ მიწაში, ყველამ ვიცოდით, რომ იმუშავებდა 20-25 წელს და არა მეტხანს, მაგრამ დღესაც თბილსისი გაზმომარაგება სწორედ ამ მილებიდან ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ვადა გაუვიდა, გარკვეული მონაკვეთი შეიძლება დაზიანებული არც იყოს, მაგალითად, სადაც მშრალი ნიადაგია, მაგრამ ამის დიაგნოსტიკა და კვლევაა საჭირო“, – აღნიშნა სიმონიშვილმა.
თბილისი ცენტრალურ ნაწილს ბუნებრივი აირი 2 დღე-ღამის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. ახლა პრობლემა მოგვარდა, მაგრამ საბოლოოდ არ გადაჭრილა. ანალოგიური მოსაზრებისაა გაზის უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი სიმონ ბარამიძე, თუმცა ნაწილობრივ ეთანხმება ,,თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ,,მესამე პირის“ ბრალეულობასთან დაკავშირებით.
,,დაზიანება მოხდა დაახლოებით ბაგების ზედა ტერიტორიაზე, საიდანაც ვაკე და საბურთალო მარაგდება. ითქვა, რომ ავტომობილი დაეჯახა. შეიძლება ასეცაა, მაგრამ ზოგადად დიდი პრობლემაა მაგისტრალური ქსელების გაუმართაობა. ყველაფერი მიტოვებულია, კომპანია სათანადოდ არ ამოწმებს, არც მერია ცდილობს კონტროლის გაძლიერებას და უპასუხისმგებლობის გამო მერე მოსახლეობა ზარალდება. ამიტომ ვამბობ, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.
გაზი ფეთქებადსაშიშია და არ მესმის, რატომ უნდა იყოს მილი პირდაპირ ქუჩაში. ნებისმიერ ტერორისტს შეუძლია მოაწყოს ტერაქტი და უბედურება გამოიწვიოს. გაზის მილი საგანგებოდ უნდა დაცული და ამავე დროს სათანადოდ მოწმდებოდეს 6 თვეში, მაქსიმუმ წელიწადში ერთხელ მაინც, მაგრამ სპეციალისტების სიმცირეა. საპროექტო ინსტიტუტები გაანადგურეს, რომელიც კადრს ზრდიდა. არადა, სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმეა. ასეთი დაზიანებული და ძველი ქსელის მოქმედება დაუშვებელია საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარეშე.
კომპლექსური მიდგომაა საჭირო. თავად კომპანიისთვის, ქვეყნის ხელისუფლებისთვის ეს შემთხვევა უნდა იყოს გამაფრთხილებელი, რომ აუცილებელია მასშტაბური სარეაბილიტაციო პროგრამა. გაზგამანაწილებელ კომპანიას კანონმა განსაზღვრული პასუხისმგებლობები და ვალდებულებები უნდა დააკისროს“, – აღნიშნა სიმონ ბარამიძემ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 9 თებერვალს ცენტრალური გაზსადენი დაზიანდა, რის გამოც გაზმომარაგების გარეშე ვაკე-საბურთალოს მოსახლეობის 150 000-მდე აბონენტი დარჩა. მათთვის გაზმომარაგების სრულად აღდგენა მხოლოდ 11 თებერვალს, გვიან ღამით მოხერხდა.
www.resonancedaily.com
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/gold_w_h-2YYPpP-300x169.jpeg)