ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს, რომელიც 33-ე დღეა შიმშილობს, კოლეგები წერილს უგზავნიან. წერილს ხელს 150 ადამიანი აწერს. მზია ამაღლობელს მას ვივამედში დღეს შეუტანენ.
“ჩვენ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად გვიწევს უსამართლობასთან დაპირისპირება, თუმცა, კარგად გვესმის, რომ ეს ვერ შეედრება უსამართლობის იმ მასშტაბს, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლება ახლა შენ მიმართ იყენებს!
ასევე, კარგად გვესმის ამ უსამართლობასთან შენი უკომპრომისო ბრძოლის არსი – ეს ბრძოლა სრულიად ფასდაუდებელია და თითოეული ჩვენგანის, ჩვენი სამშობლოს გადარჩენას ემსახურება!
მაგრამ უკვე 33-ე დღეა შენი შიმშილობის და ჩვენ ძალიან გვეშინია! – გვეშინია შენი ჯანმრთელობის, შენი სიცოცხლის გამო! ჩვენ ყველანი ერთად, შენთან ერთად უნდა გადავრჩეთ და ისე მოვიგოთ ეს უმძიმესი ბრძოლა!
ამიტომ გვჯერა, რომ ახლა ბრძოლის სხვა ეტაპზე გადასვლა შეგვიძლია – ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ გამარჯვება! გვენატრები, გვიყვარხარ და ძალიან გვჭირდები!”- ნათქვამია წერილში.