ადვოკატი, მარიამ გაბროშვილი აცხადებს, რომ თემურ ქათამაძეს, რომელიც 28-ე დღეა შიმშილობს, 17 კილოგრამი აქვს დაკლებული.
ფორმულას გადაცემაში გაიღვიძე საქართველო მან თქვა, რომ დროებითი მოთავსების ცენტრში, სადაც ქათამაძე იმყოფება, მუდმივად ამოწმებენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა შიმშილობის დღეებიდან გამომდინარე, ეს კვლევები მწირია.
კერძოდ, ადვოკატის თქმით, ქათამაძეს ამ ეტაპზე უმოწმდება მხოლოდ სატურაცია, შაქრის დონე სისხლში და წნევა.
“შეკითხვაზე, თუ როგორ გრძნობს თავს, ყოველთვის აქვს პასუხი, რომ არის მხნედ, თუმცა ამის მიღმა არსებობს შიმშილობის ეს პერიოდი, რომელმაც გამოიწვია მნიშვნელოვანი კლება წონაში, მას უკვე დაკლებული აქვს 17 კილოგრამი, როგორც თავად ამბობს და ეს თვალსაჩინოც არის.
დროებითი მოთავსების ცენტრში მუდმივად მოწმდებიან იქ მყოფი პირები, ბატნი თემურიც, თუმცა იქ გადიან ისეთ შემოწმებას, როგორიცაა წნევის, შაქრის და სატურაციის გასინჯვა, რაც შიმშილობის ამ ვადის გათვალისწინებით არ მოგვცემს იმ შედეგს და არ აღწერს იმ ვითარებას, რაც რეალურად არსებობს”- თქვა ადვოკატმა.
გაბროშვილის თქმით, ქათამაძე პროტესტის ნიშნად, მისი საქმის სპეციფიკურობიდან გამომდინარე კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობს. ბათუმელ მედროშეს დეპორტაცია ემუქრება.
“რაც შეეხება გამოკვლევებზე გადაყვანას, ჩვენ სახალხო დამცველსაც მივმართეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგის მიზნებისთვის, რადგანაც მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში არ ვფლობდით ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეახებ და რამდენადაც გვაქვს ინფორმაცია, სახალხო დამცველს გადასცეს მისი დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის გაცნობის შემდგომ გამოიკვეთა გამოკვლევების ჩატარების აუცილებლობა, რასთან დაკავშირებითაც ამ ეტაპზე ბატონი თემური უარს აცხადებს (კლინიკაში გადაყვანაზე).
ეს არ არის ისეთი შემთხვევა, რომ ადამიანს ემუქრებოდეს სამართალდამრღვევად ან დამნაშავედ ცნობა, ამ ადამიანს აქვს წინა პერიოდი 40 წლის განმავლობაში ისტორია, რომელიც მხოლოდ მან იცის, მხოლოდ მას მიუწვდება ამაზე ხელი და ამ შიმშილობის პერიოდში ის მუდმივად ცდილობს მისი შეზღუდული წვდომიდან გამომდინარე მაინც რომ მოიპოვოს შესაბამისი მტკიცებულებები მის საქმეებთან მიმართებით”- თქვა ადვოკატმა.