პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების მონიტორინგი აპრილიდან დაიწყება – სამინისტრო

სახელმწიფო პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესაბამისობის მონიტორინგს აპრილიდან დაიწყებს. ამის შესახებ “ოცნების” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ განაცხადა სექტორთან სამუშაო შეხვედრაზე.
პლასტიკის პარკების მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან სამუშაო შეხვედრა სამინისტროში გაიმართა. მას მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და კახა კაკაბაძე ესწრებოდნენ.
პრესრელიზის თანახმად, კახა კაკაბაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კოორდინირებული თანამშრომლობის პრიორიტეტულობის საკითხზე ისაუბრა.
„გარემოს დაბინძურების მაქსიმალურად შემცირება თითოეული მოქალაქის ინტერესშია; სწორედ ამ მიზანს ემსახურება მიღებული რეგულაციები. სახელმწიფო პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის შესაბამისობის მონიტორინგს აპრილიდან დაიწყებს. მოსამზადებელი დრო არის იმისათვის, რომ პროცესს შევხვდეთ შესაბამისი მზაობით. ბიზნესის დაჯარიმება სახელმწიფოს თვითმიზანს არ წარმოადგენს. როგორც იცით, ლაბორატორიული კვლევები უკვე ჩვენს ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის პროცესის ეფექტიანობას“,- განაცხადა კახა კაკაბაძემ.
თავის მხრივ, სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პარკების წარმოებას და რეალიზაციასთან დაკავშირებული რეგულაციების საკითხზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში პლასტიკის დეგრადაციის ხარისხის და პლასტიკის მასალებში მეტალების განმსაზღვრელი კვლევების ჩატარება უკვე შესაძლებელია.
„სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ამ მნიშვნელობის პროექტის განხორციელება. მინდა მოგახსენოთ, რომ აშენდა სპეციალური შენობა, აღიჭურვა საერთაშორისო სტანდარტების მოწყობილობებით, სადაც კვლევები აკრედიტებული მეთოდებით ხორციელდება და აღიარებულია საერთაშორისო დონეზე“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პოლიმერების ტესტირების ლაბორატორიამ 2024 წელს გაიარა აკრედიტაცია პლასტიკისა და ბიოდეგრადირებად პარკებში პლასტიკის მასალის მიკრო ფრაგმენტებად დაშლის განსაზღვრის და პლასტიკის მასალებში მეტალების (თუთია, სპილენძი, ნიკელი, კადმიუმი, ტყვია, ვერცხლისწყალი, ქრომი, მოლიბდენი, სელენი, დარიშხანი) განსაზღვრის კვლევებზე.
შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისიდან, საქართველოში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აკრძალულია. კანონის მიხედვით, იმპორტის კონტროლს საზღვარზე შემოსავლების სამსახური, საწარმოებში გარემოს დაცვის სამინისტრო, სავაჭრო ობიექტებში კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ახორციელებენ. ამასთან, 2023 წლის 2 იანვრიდან ასაწონად განკუთვნილი პოლიეთილენის პარკებიც აიკრძალა.