2024 წლის 1 ოქტომბრიდან „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების ამოქმედებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ახალი ნორმა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციისა და განლაგების წესს არეგულირებს. 2025 წლის 1 აპრილიდან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტული შეფუთვით იქნება შესაძლებელი. შეფუთვაზე ბრენდის, ლოგოს, ფერის, სასაქონლო ნიშნის ან ბრენდთან დაკავშირებული ვიზუალური ელემენტების გამოყენება არ არის დაშვებული და თამბაქოს რეალიცაზია/განლაგება მოხდება სადა შეფუთვით. ყველა ბრენდს ექნება ერთიანი, სტანდარტული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდის და პროდუქტის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე, სტანდარტული ზომის და ფერის შრიფტით, სამედიცინო გაფრთხილებების და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით.
რას ნიშნავს ახალი რეგულაცია თამბაქოს ინდუსტრიისთვის. საკითხზე ,,კომერსანტი“ JTI-ს კორპორაციული ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დირექტორს ალექსანდრე ავაზაშვილს ესაუბრა.
· 2024 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების წესი. რას გულისხმობს ეს წესი და ახალი რეგულაციები?
სიგარეტის შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ რეგულაციის შესაბამისად, ყველა ბრენდს ექნება ერთიანი, სტანდარტიზებული ფერის შეფუთვა, რომელზეც მითითებული იქნება მხოლოდ ბრენდის და პროდუქტის დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე, სტანდარტიზებული ზომის და ფერის შრიფტით, სამედიცინო გაფრთხილებების და სხვა აუცილებელი ინფორმაციის თანხლებით. 2024 წლის 1 ოქტომბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე, 5 თვის განმავლობაში შესაძლებელია სიგარეტის ბრენდირებული შეფუთვით წარმოება/იმპორტი/ბაზარზე განთავსება. 2025 წლის 1 აპრილამდე იმ ბრენდირებული პროდუქციის რეალიზაცია იქნება შესაძლებელი, რომელიც ბაზარზე 2025 წლის 1 მარტამდე განთავსდა, ხოლო 2025 წლის 1 აპრილიდან სიგარეტის რეალიზაცია მხოლოდ სადა, სტანდარტიზებული შეფუთვით იქნება შესაძლებელი. 2025 წლის 1 აპრილიდან თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სიგარეტის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის/განლაგების წესის შესაბამისად, იცვლება მხოლოდ შეფუთვის დიზაინი და ვიზუალური მხარე. თავად პროდუქტი, მისი შემადგენლობა და ხარისხი რჩება უცვლელი.
· როგორ შეაფასებთ ამ რეგულაციებს? რა გავლენას მოახდენს ის თამბაქოს ინდუსტრიაზე?
სტანდარტიზებული შეფუთვის პირობებში გამარტივებულია ყალბი (კონტრაფაქციული) პროდუქციის დამზადება, რადგან ყველა შეფუთვა ერთნაირია. ეს ზრდის კონტრაბანდული და ყალბი პროდუქციის გავრცელების რისკს. ჩვენმა კომპანიამ უკვე დაიწყო პროდუქციის სტანდარტიზებული შეფუთვით წარმოება. ჩვენი პროდუქციის იმპორტიორი თებერვლიდან ახორციელებს პროდუქციის იმპორტს მხოლოდ სტანდარტიზებული შეფუთვით. რაც შეეხება გავლენას ინდუსტრიაზე და სახელმწიფო შემოსავლებზე – ამას დრო გვაჩვენებს.
· ახალი შეფუთვა აღარ იქნება ბრენდირებული. გამოიწვევს თუ არა ეს მომხმარებელში დაბნეულობას? იმოქმედებს ეს გარემოება კონკრეტული ბრენდების გაყიდვებზე?
დაბნეულობა შეიძლება იყოს არა მარტო მომხმარებლებში, არამედ სავაჭრო ქსელებშიც, რომლებიც ახდენენ თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციას. იმის გათვალისწინებით, რომ კანონმდებლობა კონკრეტულად განსაზღვრავს როდემდე არის დაშვებული ბრენდირებული პროდუქტის წარმოება, იმპორტი, ბაზარზე განთავსება და რეალიზაცია, და როდიდან არის აუცილებელი სიგარეტის მხოლოდ სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაცია, ჩვენ შესაბამისი კომუნიკაცია გვაქვს სავაჭრო ქსელებთან, რომ ავუხსნათ კანონმდებლობის მოთხოვნები და ის შედეგები, სანქციები, რაც უკავშირდება აღნიშნული მოთხოვნების დარღვევას.
· ბრენდირებული თამბაქოს ნაწარმის ამოღება ვის დაევალება? თავად კომპანიები გაიტანენ მას სავაჭრო ობიექტებიდან?
როგორც აღვნიშნე, 2025 წლის 1 აპრილიდან თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის გარეშე რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი თამბაქოს ნაწარმის კონფისკაციით. ამას შემოსავლების სამსახური გაუწევს კონტროლს.
· ეს რეგულაცია გამოიწვევს თუ არა დამატებით ხარჯებს კომპანიებისთვის?
ჩვენი კომპანია საქართველოს თამბაქოს ბაზარზე წარმოდგენილია 30-მდე დასახელების პროდუქტით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის. რა თქმა უნდა, შეფუთვის ცვლილება დაკავშირებულია მნიშვნელოვან ხარჯებთან. ჩვენ უკვე მთლიანად გადავაწყვეთ ჩვენი წარმოება და 2025 წლის თებერვლიდან საქართველოსთვის ჩვენი სიგარეტები მხოლოდ სტანდარტიზებული შეფუთვით იწარმოება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იცვლება მხოლოდ შეფუთვის დიზაინი და ვიზუალური მხარე. თავად პროდუქტი, მისი შემადგენლობა და ხარისხი რჩება უცვლელი.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/eipiem-fotis-porti_w_h-q83zD3-300x169.jpeg)