ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა ახალ მმართველ დირექტორად მარიამ ქუჩულორია წარადგინა

ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA Georgia) პრეზიდენტმა ახალ მმართველ დირექტორად მარიამ ქუჩულორია წარადგინა.
როგორც ასოციაციის მიერ bm.ge-სთვის გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული, EBA-მ თავისი წევრების რაოდენობის ზრდასა და საქმიანობის უწყვეტ განვითარებასთან ერთად გააძლიერა მმართველი გუნდი, რათა კიდევ უფრო გააფართოოს საქმიანობის არეალი. ამასთან, მათივე განცხადებით, EBA-ის პრეზიდენტის ჯონ ბრაეკეველდტის ხელმძღვანელობის ქვეშ, მმართველი გუნდი კვლავაც რჩება ევროპული ბიზნესების თანამშრომლობის მთავარ პლატფორმად.
“მარიამ ქუჩულორიას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ბიზნეს კონსულტირების, პოლიტიკის ადვოკატირებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. გარდა ამის, გამოირჩევა მტკიცე ხედვითა და ლიდერობის უნარით, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს EBA-ის მისიას – ხელი შეუწყოს ევროპული ბიზნესის განვითარებას საქართველოში, განსაკუთრებით კი ასოციაციის წევრთა გაზრდილი რაოდენობისა და განვითარებული სერვისების ფონზე. მისი კვალიფიციური ხედვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კერძო სექტორსა და ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში, საქართველოში მეტად კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს შესაქმნელად.
მარიამს გააჩნია სიღრმისეული ცოდნა და გამოცდილება ბიზნეს ასოციაციების მართვაში. მონაწილეობს -ის სავაჭრო პალატის ორგანიზაციული მართვის ინსტიტუტის, „ასოციაციის ხელმძღვანელობისა და სტრატეგიული მენეჯმენტის“ პრესტიჟულ პროგრამაში. გარდა ამისა, ფლობს სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო კომერციულ პალატებსა და ბიზნეს ასოციაციებთან თანამშრომლობის უნიკალურ გამოცდილებას. მისმა ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა EBA-ის წამყვან ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციად ჩამოყალიბებაში.
მარიამი ფლობს მაგისტრის ხარისხს სამართალში/საერთაშორისო სამართალში და მრავალი წლის განმავლობაში უწევდა კომპანიებს კვალიფიციურ კონსულტაციას კერძო სექტორის სხვადასხვა ინდუსტრიაში ბიზნეს სტრატეგიისა და მარეგულირებელი წესების დაცვასთან დაკავშირებით.
როგორც მმართველი დირექტორი, ის ყურადღებას გაამახვილებს EBA-ს წევრი კომპანიების შესაძლებლობების გაფართოებაზე; ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერების ხელშეწყობასა და კომპანიების საჭიროებების ადვოკატირებაზე, რაც დადებითად აისახება ბიზნესის ზრდასა და ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე”, – წერია EBA-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ცნობისთვის, ევროპული ბიზნეს ასოციაცია არის წამყვანი ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაცია, რომლის მიზანიცაა საქართველოში კონკურენტული და გამჭვირვალე ბიზნეს გარემოს ხელშეწყობა. ასოციაცია წარმოადგენს საკვანძო მნიშვნელობის პლატფორმას საერთაშორისო ევროპული კომპანიებისა და ადგილობრივი ბიზნესისთვის, რომელიც მხარს უჭერს კერძო სექტორში თანამშრომლობის წახალისებას, ადვოკატირებასა და მდგრად ზრდას. EBA საკუთარი ინიციატივებითა და აქტივობებით ხელს უწყობს ევროკავშირი-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებას, უზრუნველყოფს წევრ ორგანიზაციებს კვალიფიციური სერვისით, თანამშრომლობის შესაძლებლობებით და აქტივობებით,
რომლებიც ბიზნეს ეკოსისტემის გაძლიერებას ემსახურება. EBA მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნეს საზოგადოებისათვის ხელსაყრელი ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებაში.