სახლახო დამცველის აპარატის ცნობით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, “სამედიცინო ბარათის თანახმად, უფიქსირდება წონის გამოხატული კლება”.
ომბუდმსენის აპარატის ინფორმაციით, სადიგოვი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე კვლავ უარს აცხადებს.
“12 თებერვალს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა N18 პენიტენციურ დაწესებულებაში საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე აფგან სადიგოვი მოინახულეს.
გაესაუბრნენ ასევე, N18 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის მოადგილეს და პატიმრის მკურნალ ექიმს. აპარატში დასაქმებული ექიმი აფგან სადიგოვის სამედიცინო დოკუმენტაციასაც გაეცნო. აფგან სადიგოვი აგრძელებს სრულ შიმშილობას, მის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საექსტრადიციო საქმისწარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
სამედიცინო ბარათის თანახმად, ფიქსირდება წონის გამოხატული კლება. ექიმის მოსაზრებით, სხვა მონაცემები ამ ეტაპზე, სახიფათო არ არის, თუმცა არც უეცარი გართულებები გამოირიცხება.
სამედიცინო პერსონალის განმარტებით, პატიმარს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, უკვე რამდენიმე დღეა, მისივე თანხმობით, მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. თუმცა, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე კვლავ უარს აცხადებს.
სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული ექიმის მიერ აფგან სადიგოვს მიეწოდა ინფორმაცია შიმშილობის მოსალოდნელი შედეგების შესახებ. დამატებით, ინფორმაცია მიეწოდა ასევე სახალხო დამცველის აპარატში მის განცხადებებთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირებისა და სხვა სამართლებრივი საკითხების შესახებ.
სახალხო დამცველის აპარატმა დამატებით უკვე გამოითხოვა პატიმრის სამედიცინო დოკუმენტაცია სრულად. სახალხო დამცველი განაგრძობს აფგან სადიგოვისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგს”, – წერია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
3 აგვისტოს, თბილისში, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს.
აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია. ის აზერბაიჯანში ორჯერ – 2016 და 2020 წელს დააპატიმრეს. აფგან სადიგოვი ოჯახთან ერთად საქართველოში 2023 წელს ჩამოვიდა და ბოლო თეების განმავლობაში თბილისში ცხოვრობს.
ამასთან, 18 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ სადიგოვს თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და განუცხადეს, რომ ქვეყნის დატოვება მხოლოდ აზერბაიჯანის მიმართულებით შეეძლო.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 140 დღეზე მეტია შიმშილობს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/3cauv8hjj9vtho8-VqiPjf-300x169.jpeg)