თუკი საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო პოლიციის ყურადღების ქვეშ აღმოჩნდით, ეს ტექსტი თქვენთვისაა. აგიხსნით, რა უფლებები გაქვთ, თუ პოლიცია სახლის კაცზე მოგიკაკუნებთ და გეტყვით, რომ მაგალითად, გზის გადაკეტვის გამო 5 ათასი ლარით გაჯარიმებენ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ბოლო ცვლილებებით, რომელიც 7 თებერვლიდან შევიდა ძალაში, შეკრებასა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების ნაწილი შსს-ს განსჯადი გახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საქმეები აღარ წავა სასამართლოში და მოქალაქეებს ჯარიმას პირდაპირ პოლიცია დააკისრებს.
რას ნიშნავს ეს?
აქამდე შსს ვალდებული იყო სასამართლოში ემტკიცებინა, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის წესები დაირღვა. დემონსტრანტის დაჯარიმების უფლება კი მხოლოდ მოსამართლეს ჰქონდა. მას მერე, რაც კოდექსი შეიცვალა და ეს ახლახან მოხდა, პოლიციას შეუძლია სასამართლოს გარეშე პირდაპირ გამოწეროს სამართალდარღვევის ოქმი, მათ შორის გზის გადაკეტვაზე, დემონსტრაციების დროს ნიღბისა და ლაზერის ტარებაზე.
შსს-ს ჯარიმის გამოსაწერად სამი თვე აქვს. ოქმი მოქალაქეს ორგვარად ბარდება: ფოსტით ან პირადად, მაგალითად, სახლში. ოჯახის სრულწლოვან წევრსაც შეუძლია ჩაიბაროს ოქმი.
პრაქტიკამ, რომელიც ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეს ითვლის, აჩვენა, რომ მოქალაქეს ჯერ შსს-დან ურეკავენ და ეუბნებიან, რომ მის წინააღმდეგ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, პოლიციაში უნდა მივიდეს და ჩაიბაროს.
თქვენ გაქვთ უფლება, ოქმის საცხოვრებელ მისამართზე გამოგზავნა მოითხოვოთ.
მოქალაქეთა ნაწილს ოქმი სახლშიც მიუტანეს. ეს შეიძლება ჩაბარებად ჩაითვალოს. ოქმის ჩაბარება სრულწლოვან ოჯახის წევრსაც შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ პოლიციას სახლში არავინ დახვდა, ეს ჩაბარებად არ ჩაითვლება.
შსს ვალდებულია ოქმი ჩასაბარებლად კიდევ ერთხელ გაგზავნოს. მეორედ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შსს საჯაროდ აქვეყნებს საჯარიმო ქვითარს, რაც უკვე ჩაბარებად ითვლება.
თქვენ გაქვთ უფლება, სამართალდარღვევის ოქმს ხელი არ მოაწეროთ, თუმცა ეს არაფერს შეცვლის. იმ მომენტიდან, როცა პოლიცია მის შინაარსს წაგიკითხავთ, მაინც გაცნობილად ჩაითვლება.
იურისტების ერთი ნაწილი არჩევანის თავისუფლებას გიტოვებთ, ნაწილი კი ხელმოწერის რეკომენდაციას იძლევა, თუნდაც მინაწერით, რომ „არ ეთანხმებით”, იმ შემთხვევაში, თუ ოქმის გასაჩივრებას აპირებთ.
და ყველაზე მნიშვნელოვანი:
გასაჩივრება ოქმის მოქმედებას აჩერებს, ეს ნიშნავს, რომ იქამდე, სანამ საქმის წარმოება არ დასრულდება, შსს, მაგალითად, გზის გადაკეტვის საბაბით 5000 ლარის გადახდას ვერ გაიძულებთ.
რა ვადაში და სად უნდა გაასაჩივროთ ოქმი?
ოქმის ჩაბარებიდან 30 დღეში თქვენ ვალდებული ხართ გადაიხადოთ ჯარიმა, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებითი აღსრულება დაიწყება. თუ გასაჩივრება გადაწყვიტეთ, ამისთვის 10-დღიანი ვადა გაქვთ. ოქმის გასაჩივრება შეიძლება როგორც ოქმის შემდგენთან და შემდეგ სასამართლოში, ასევე პირდაპირ სასამართლოშიც.
თუ ჯერ პოლიციაში, მაგალითად, საპატრულოში ასაჩივრებთ, უწყებას პასუხისთვის მაქსიმუმ 30-დღიანი ვადა აქვს. უარის შემთხვევაში მეორე ეტაპი სასამართლოა. გასაჩივრების ვადა აქაც 10-დღიანია.
ამ პროცედურით, თქვენ უნდა ამტკიცოთ, რომ კანონი არ დაგირღვევიათ. ამისთვის კი მნიშვნელოვანია საჩივარს მტკიცებულებებიც დაურთოთ, არსებობის შემთხვევაში.
თუ პროცედურა დაიცავით და ყველა საჭირო დოკუმენტი სასამართლოში მიიტანეთ, საქალაქო სასამართლო ვალდებულია სხდომა ჩანიშნოს, აქაც საქმის განხილვის მაქსიმალური ვადა 30 დღეა.
საქალაქო სასამართლოს შემდეგ საქმის წაღება სააპელაციოში შეგიძლიათ, ეს ბოლო ეტაპია. საქალაქოსგან განსხვავებით სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობაზე მსჯელობს. ორი ვერსიაა – ან უარს გაცნობებენ, ან განხილვის თარიღს ჩანიშნავენ.
თუ ვერცერთ ეტაპზე ვერ დაამტკიცეთ, რომ კანონი არ დაგირღვევიათ, ჯარიმის გადასახდელად 30-დღიანი ვადის ათვლა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყება. გადაუხდელობის შემთხვევაში შსს იძულებით აღსრულებას დაიწყებს.
ადმინისტრაციული კოდექსის გამკაცრების შემდეგ გაოთხმაგდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა – 60 დღემდე, გაიზარდა ჯარიმების რაოდენობა, რიგ შემთხვევებში გაათმაგდა კიდეც. საიას ცნობით, ბოლო ერთ წელიწადში დემონსტრანტებისთვის დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა ნახევარ მილიონს აჭარბებს.
ფორუმი
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/Untitled-design-19-GtIeFg-300x169.jpeg)