“მოსწავლეთა 35% სრულ შიმშილს განიცდის, 64% – ნაწილობრივს” | ენმ ქუთაისის მერიას მიმართავს, რომ პირველკლასელთა კვებისთვის ბიუჯეტიდან თანხა გამოყოს
“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ხათუნა არველაძე, ქალაქის მერს მიმართავს მოთხოვნით, რომ პირველკლასელთა კვებისთვის ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოს.
არველაძეს წალენჯიხის მაგალითი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ ქუთაისში 2 ათასზე მეტი პირველკლასელია. მათი კვებისთვის კი, მისი თქმით, წელიწადში სულ მილიონ-ნახევარია საჭირო.
არველაძე ასევე აღნიშნავს, რომ სკოლებში მოსწავლეთა 35% შიმშილ, ხოლო 65% ნაწილობრივ შიმშილს განიცდის.
“მოსწავლეთა 35% სკოლებში, სასწავლო პროცესი დროს, განიცდის სრულ შიმშილს, ხოლო რაც შეეხება 65%-ს ნაწილობრივ შიმშილობენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდა ეს პროგრამა და ბავშვები იღებენ ჩვეულებრივად, ყოველ სასწავლო დღეზე ერთჯერად კვების თანხას. მივმართეთ ქალაქის მერს და ვთხოვეთ, რომ განეხორციელებინა და მოეძიებინა თანხები ადგილობრივ ბიუჯეტში…პირველკლასელებზე გვქონდა ჯერჯერობით ეს თემა შეტანილი, რომ მოსწავლეებს მიეღოთ საკვები სწავლის პროცესში,” – ამბობს ხათუნა არველაძე.
ცნობისთვის, წერილი იოსებ ხახალეიშვილის სახელზე მერიაში უკვე შევიდა, თუმცა მან ოპოზიციონერი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გადაამისამართა.
