24 საათი ვიყავი ქვეყნის სამსახურში, პირდაპირი მნიშვნელობით – არანაირი ანაზღაურებით! – ასე უპასუხა ბრალდებულმა არჩილ მუსელიანცმა მოსამართლის შეკითხვას, თუ რას საქმიანობდა ის და საქმიანობაში იღებდა, თუ არა ანაზღაურებას.
არჩილ მუსელიანცი მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დააკავა პოლიციამ. მას პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეოკამერებისთვის ცეცხლის წაკიდებას და მის დაზიანებას ედავებიან. სასამართლო სხდომაზე მუსელიანცმა განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და საპროცესო შეთანხმებაც არ სურს.
„მიმაჩნია ბრალდება არის აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებული. მომავალში დავრწმუნდებით, რომ ის პროცესები, რაც მიმდინარეობს არის უსამართლო.
მე ბრალს არ ვაღიარებ და არანაირ თანამშრომლობას არ ვაპირებ არც სასამართლოსთან და არც პროკურატურასთან. მე სხდომაზე გამოვცხადდები“, – განაცხადა არჩილ მუსელიანცმა.
გარდა მიმდინარე საქმისა, არილ მუსელიანცმა მოსამართლის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ წარსულში ის ნასამართლევია „ნარკოტიკულ საშუალებაზე“ და ასევე, ქურდობის მცდელობისთვის.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურატურის მტკიცებით საქმეში არსებობს მტკიცებულება, რაც მუსელიანცის ბრალეულობას ადასტურებს. დაცვის მხარის განმარტებით, კი მტკიცებულებები არარელევანტურია და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შემხებლობაში არ არის.
შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/strasburg-ECcsd0-300x200.jpeg)