ლევან მახაშვილი – როცა ვინმე ვიზალიბერალიზაციაზე კითხვას სვამს, ის პირდაპირ იერიშზე გადის საქართველოს მოსახლეობასთან – ვიზალიბერალიზაცია არ ეკუთვნის რომელიმე მთავრობას და პოლიტიკოსს, მოსახლეობას ეკუთვნის

როცა ვინმე ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კითხვას სვამს, ის პირდაპირ იერიშზე გადის საქართველოს მოსახლეობასთან და მის ინტერესებს ეწინააღმდეგება – ვიზალიბერალიზაცია არ ეკუთვნის არც რომელიმე მთავრობას და არც რომელიმე პოლიტიკოსს, ეს საქართველოს მოსახლეობას ეკუთვნის, – ასე პასუხობს ს საგარეო საქმეთა მინისტრს მარგუს ცაჰკნას პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.
მახაშვილი იმასაც ამბობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი, პოლიტიკური პრეფერენციები უკვე იხილა.
„ეს ადამიანი პარლამენტის წინ იდგა და ფაქტობრივად, თავისი პოლიტიკური მხარდაჭერით ძალადობრივ პროცესებს ახალისებდა. ამიტომ, ჩვენ მის განცხადებას არასერიოზულად აღვიქვამთ. მისი არც ერთი განცხადება, რომელიც შეიძლება გულწრფელობით იყოს ნაკარნახევი, არასერიოზულია. ჩვენ ვიცით, მისი შიდა მხარდაჭერა რა არის.
საქართველოს მოსახლეობას ვითომ ქვეყნის მეგობრის სახელით რომ მიმართავს, ვურჩევ, საკუთარ მოსახლეობაზე უფრო მეტად იზრუნოს.
რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ევროკომისიის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ არც ერთი ობიექტური საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს თაობაზე ეს საკითხი კითხვის ქვეშ დადგეს. როგორც წესი, ეს ადამიანი სათავეში უდგას საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებას, ევროკავშირის ინსტიტუტებს ამოფარებული. ვურჩევდი, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხით სპეკულირებას თავი დაანებოს”, – განაცხადა მახაშვილმა.
შეგახსენებთ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, საქართველო ევროკავშირში ახლანდელი კურსით არ შევა, ხოლო თუ ოფიციალური პირები ძალადობის გამოყენებას განაგრძობენ, მზად არიან გააგრძელონ სანქციების გამკაცრება, მათ შორის გააუქმონ უვიზო მიმოსვლა.