დასავლეთი სწორი მიმართულებით მიდის, მაგრამ ამ ბიუროკრატიასა და ნელ სვლაში ფასს ქართული საზოგადოება იხდის – უახლოეს 2 კვირაში ტრამპის ადმინისტრაციაში სტრატეგიული შეხვედრა იქნება, თუ რა გააკეთონ საქართველოში, ტრამპი დარწმუნებულია, რომ ორივე „ჯოკერი“ მის ხელშია და გამოიყენებს თუ არა, ვნახავთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი შაშკინმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ და ევროპამ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, შაშკინი ამბობს, რომ „დასავლეთი ჩვენთან ვალშია“. ამასთან, შაშკინის აზრით, ბიძინა ივანიშვილს ახლა სურს, ვითარება ივნისამდე გადაგორდეს, რომ „სიტუაცია განეიტრალდეს და დალაგდეს“.
„აქ ორი მხარეა – ერთი ემოციური ნაწილია: დასავლეთი ჩვენთან ვალშია. 2008 წლის ომი საქართველოში, 2014 წლის ომი უკრაინაში, 2022 წლის ომი უკრაინაში – ამ სიტუაციაში ამ ომში პასუხისმგებლობა ასევე, დასავლეთსაც ეკისრება. 2008-ში რომ მერკელს არ გაეჩერებინა საქართველოსთვის და უკრაინისთვის MAP-ის მიღება, ეს ომი არ იქნებოდა. 2012 წელს, როდესაც იმაზე ვსაუბრობდით, რომ ეს არის „ეფესბეს“ ოპერაცია და “ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა, გვეუბნებოდნენ, აჭარბებთ, აზვიადებთ და ა.შ. 2020 წელს, როდესაც ევროკავშირის ლიდერები ჩამოვიდნენ და ხელშეკრულება დადეს „ქართულ ოცნებასთან“ და გადააგდეს, როგორც ევროკავშირის ლიდერები, ისე ოპოზიცია, ეს ხომ ქმნის დასავლეთის პასუხისმგებლობას იმ პროცესებზე, რომელიც დასავლეთსა და უკრაინაშია. რასაც დასავლეთი აკეთებს, ნელა აკეთებს. სწორი მიმართულებით მიდიან, მაგრამ ამ ბიუროკრატიაში, ნელ სვლაში ფასს ქართული საზოგადოება იხდის, მათ შორის ჯანმრთელობით და იმ უამრავი დაჭერილი ადამიანით, რომელიც ციხეშია. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, პროცესი ივნისამდე გადაგორდეს. იმედი აქვს, ივნისში ადგილობრივი არჩევნების დრო მოვა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ პასუხის გაცემა, იღებენ მონაწილეობას, თუ – არა. მოკლედ, იმედი აქვს: ივნისამდე გავქაჩოთ, რომ ეს სიტუაცია განეიტრალდეს და დალაგდეს.
ეს ყველაფერი ემოციური მომენტი იყო, რაც შეეხება შინაარსობრივ მომენტს – ჩვენს პარტნიორებს კარგად უნდა ესმოდეთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ – ევროპის მომავალი უსაფრთხოება, უკრაინის მომავალი უსაფრთხოება, საქართველოზეც გადის. თუ საქართველოში დარჩება პრორუსული, „პროქსი“ ძალა ხელისუფლებაში, ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ძალიან მალე აღადგენს სამხედრო პოტენციალს. ომი უკრაინაში ადრე თუ გვიან დასრულდება, დასრულდება ზავით და რუსეთი დაიწყებს სამხედრო პოტენციალის აღდგენას. თუ საქართველო დარჩება რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი, რუსეთი ამას ბევრად უფრო სწრაფად ადგენს, თუ რუსეთმა შეძლო და შუა დერეფანი ხელში ჩაიგდო ბოლომდე, რისთვისაც ახლა ყველაფერს აკეთებს, როგორც აშანტაჟებდა დასავლეთს ზედა დერეფნით, ასე გააგრძელებს.
ტყუილად უხაროდა „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მოსვლა. ტრამპი ბევრად უფრო შედეგზე ორიენტირებული ადამიანია, ვიდრე ბაიდენი და „დემოკრატები“. „რესპუბლიკელებს“ ხისტი პოზიცია ახასიათებთ და თუ თავის ინტერესს ხედავენ, ამას იცავენ. ამერიკისთვის ჩინეთის შემოშვება შავ ზღვაში, რუსეთისთვის შუა დერეფნის გადაცემა, წითელი ზღვარია. ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ამერიკელებს ევაჭროს. უახლოეს 2 კვირაში ამერიკაში იქნება სტრატეგიული შეხვედრა ტრამპის ადმინისტრაციაში, რა გააკეთონ საქართველოში. იმ გამოწვევების ფონზე, რაც ამერიკის წინაშეა, ტოპ პრიორიტეტი არ ვართ, მაგრამ ეს შეხვედრა შედგება და გამოიკვეთება ამერიკის პოლიტიკის ჩარჩო საქართველოს მიმართ. „ქართულ ოცნებას“ იმედი აქვს, რომ რუსეთს და ამერიკას შორის დიდი ვაჭრობა შედგება. ივანიშვილს პოლიტიკაში უყვარს „დურაკას“ თამაში – მისი სტრატეგიაა, ბევრი კოზირი ჰქონდეს ხელში, რომ ბოლო დარიგება რომ იქნება, ამ კოზირებით მოიგერიოს და მოიგოს, ხოლო ტრამპი „დურაკას“ არ თამაშობს, „რესპუბლიკელები“ „ჯოკერს“ თამაშობენ და ტრამპი დარწმუნებულია, რომ ორივე „ჯოკერი“ მის ხელშია. გამოიყენებს ამ „ჯოკერს“ თუ არა, ამას ორ კვირაში ვნახავთ“, – განაცხადა შაშკინმა.
გარდა ამისა, დიმიტრი შაშკინმა ზოგადად, საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში განვითრებულ მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ „ხელისუფლებას არ ესმის, რომ მას არა ცალკეული პოლიტიკური ძალები, არამედ საზოგადოება უპირისპირდება.
„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ შევიდა სპირალში. მოხდა სამი რამ: მოკლეს პოლიტიკური პროცესი -2024 წლამდე რაც ივანიშვილს კარგად გამოსდიოდა ის იყო, რომ ყველა არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში იმედს ტოვებდა, რომ შემდეგი არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ხელისუფლება შეიცვალოს. 2024 წელს რაც მოხდა, იმედი, რომ საქართველოში, შეიძლება არჩვებით შეიცვალოს ხელისუფლება ივანიშვილმა მოკლა და ამით მოკლა პოლიტიკური პროცესი; ის დაუპირისპირდა დასავლეთს, ცივილიზებულ სამყაროს და სიტყვები, რომელსაც ვისმენთ კობახიძისგან, სხვა ლიდერებისგან, მიუთითებს იმაზე, რომ ცდილობენ, ყველა ხიდი დაწვან, რომელიც საქართველოს დასავლეთთან აერთიანებს და გაანადგურონ ყველანაირი ურთიერთობა. პირად შეურაცხყოფებზე გადავიდნენ; „ქართული ოცნება“ დაუპირისპირდა საზოგადოებას, ქართველ ხალხს, ვისაც უნდა ევროპაში, ნატო-ში. ის, რომ საქართველო არის მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც თაობა Z, 1996-2010 წლებში დაბადებული ბავშვები, გამოვიდა ქუჩაში და აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში. ეს მიუთითებს, რამდენად დიდი სხვაობაა ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. ხელისუფლებას არც ესმის, რა პრობლემა აქვს, ამიტომ ატარებდნენ ჩხრეკებს პოლიტიკური პარტიების ოფისებში. ეძებდნენ მოსადის, CIA-ს მი, მასალებს, რომელიც მოსადმა ან CIA-მ მიაწოდა ამ ხალხს. რომ ვერ ნახეს, ძალიან გაუკვირდათ. ხელისუფლებას არ ესმის, რა ხდება, არ ესმის, რომ მას უპირისპირდება არა ცალკეული პოლიტიკური ძალები, არამედ საზოგადოება“, – განაცხადა შაშკინმა.
დიმიტრი შაშკინმა ასევე უპასუხა კითხვას USAID-ს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებაზე. კითხვაზე, იმის შესახებ, რომ გამოძიება „საბოტაჟის მცდელობის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე“ მიმდინარეობს, შაშკინმა თქვა, რომ ასეთი სათაურები, როგორიც აღნიშნული მუხლია, „1982-1983 წლებში გაზეთ „პრავდასა“ და „ზარია ვოსტოკაში“ იბეჭდებოდა“.
„მტრულად განწყობილ ორგანიზაციებს რაც შეეხება, დაწყებული კობახიძით, დამთავრებული პაპუაშვილით, ყველა USAID-ის პროექტებში მუშაობდა და ყველა იღებდა იქიდან დაფინანსებას. 2012 წელს, როდესაც არჩევნები წავაგეთ, მაშინდელი სიტუაციით, მთელი ის ოპოზიცია, რომელიც ახლა ხელისუფლებაშია, USAID-ის პროექტებში იყვნენ. კარგად ცხოვრობდნენ და მაღალ ხელფასებს იღებდნენ. აზრად არ მოგვივიდოდა, რომ ელჩისთვის ან USAID-სთვის გვეთქვა, რატომ არიან ჩართულები მოქმედი ოპოზიციური ლიდერები თქვენს პროექტებში. ეს დემოკრატიაა“, – განაცხადა შაშკინმა.
