ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც უკრაინის დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე წვდომა სურს, კიევში მიავლენს ფინანსთა მინისტრს, სკოტ ბესენტს.
11 თებერვალს ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ბესენტს უკრაინაში აგზავნის პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად.
აშშ-ის პრეზიდენტი ისევ აცხადებს, რომ ომი მალე უნდა დამთავრდეს და დამთავრდება, და კვლავ ხაზს უსვამს ამერიკის მიერ დახარჯულ მილიარდებს. დონალდ ტრამპს სკოტ ბესენტის ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია.
სააგენტო Reuters-ის წყაროთა თანახმად, ბესენტი უკრაინაში ამ კვირაში ჩავა და ქვეყნის ხელისუფლებასთან განიხილავს იშვიათ მიწათა ელემენტებზე აშშ-ის წვდომის საკითხს და უკრაინის ენერგორესურსებსა და ენერგეტიკის სფეროში არსებულ აქტივებს. სააგენტოს წყაროების ინფორმაციით, საუბარი იქნება უკრაინის ზოგიერთ სახელმწიფო საწარმოზეც.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 თებერვალს განაცხადა, რომ სურს უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათი ლითონები.
ტრამპის თქმით, მსგავსი გარიგება სურთ, რათა უკრაინის მხრიდან გათანაბრდეს ვაშინგტონის მიერ კიევისთვის გაწეული მრავალმილიარდიანი დახმარება და კიევი ამისთვის მზად არის.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 2024 წლის შემოდგომაზე წარმოდგენილი „გამარჯვების გეგმის“ ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას ურანის, ტიტანის და ლითიუმის მოპოვების ინვესტირების შესახებ.