ისრაელი მზად არის, ღაზაში განაახლოს საბრძოლო მოქმედებები, თუკი დაჯგუფება ჰამასი, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, 15 თებერვალს შუადღისთვის არ გაათავისუფლებს ისრაელელ მძევლებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა სამხედრო მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ.
ისრაელის მედიის თანახმად, მოსალოდნელია, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის ზავის პირველი ფაზის ფარგლებში შაბათს უნდა გაათავისუფლონ ცოცხლად დარჩენილი ცხრა მძევალი.
გამოცემა Ynet-ი იტყობინება, რომ სამხედრო კაბინეტმა თავისი გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის ულტიმატუმს. დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ თუკი მძევლებს არ გაათავისუფლებენ 15 თებერვლის შუადღისთვის, მაშინ მისი წინადადებაა, გაუქმდეს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.
ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი იანვრის შუა რიცხვებიდან მოქმედებს. ჰამასმა იკისრა ვალდებულება, რომ პირველი 42 დღის განმავლობაში ისრაელს გადასცემს 33 ისრაელელ მძევალს, რომელთაგან რვა, სავარაუდოდ, მკვდარია. საპასუხოდ ისრაელმა თითქმის ორი ათასი პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს და დაიწყოს ღაზიდან ჯარების გაყვანა.
შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა 9 თებერვალს ჯარები გაიყვანა ნეცარიმის დერეფნიდან, რომელიც სექტორის ცენტრალურ ნაწილს ყოფს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/thovli-amindi-750x375-8DTnqD-300x150.jpeg)