„ქვემო სვანეთი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი რეგიონია საქართველოში“ – რა გამოწვევებია რეგიონში?

„ქვემო სვანეთი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი რეგიონია საქართველოში“ , – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში ქვემო სვანეთში მდებარე ტურისტული ობიექტის, Roots Svaneti-ს დამფუძნებელმა, თეონა ფარჯიანმა ისაუბრა.
მისივე განმარტებით, ზამთრის სეზონზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა გზაა, როდესაც თოვლის მოსვლის შემდეგ, მისი მყისიერი გაწმენდა არ ხდება და გადაადგილება ფერხდება. ამასთან, წყალი, რომელიც შეიძლება გაიყინოს და ავზი არ არსებობს, რომელიც რეგიონის წყლით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს.
თეონა ფარჯიანის თქმით, სახელმწიფო უწყებებისგან არანაირი გამოხმაურება ამ საკითხებზე არ ყოფილა და მომავალი ბიზნესებისთვის გასათვალისწინებელი ფაქტორია, თუ რამდენად უღირთ ამ რეგიონში ინვესტირება.
„ელემენტარული საჭიროებები, როგორიცაა გზა, წყალი და ა.შ. გამოწვევაა. ის რომ ზამთრის სეზონზე ვმუშაობ, ბარიერი არის გზა. ნებისმიერ დროს შეიძლება თოვლი მოვიდეს, მაგრამ გზის გაწმენდა მომენტალურად შეუძლებელია. ამასთან გამოწვევაა წყალი, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გაიყინოს და არ არსებობს ავზი, წყლის უწყვეტად მიწოდებისთვის.
მსგავსი რისკებისგან თავი რომ დავიზღვიო, ბიზნესი ფაქტობრივად ზამთრის და გვიან შემოდგომის პერიოდში დახურული მაქვს. ჩვენი ბიზნესისთვის ესეც ზარალია და მომავალი ბიზნესისთვის გასათვალისწინებელი ფაქტორი, რომ უღირთ თუ არა მსგავს პირობებში ინვესტიციის ჩადება, როდესაც საარსებო რესურსებისთვის, როგორიცაა გზა და წყალი, მუდმივად ბრძოლა მოუწევთ“, – აცხადებს ფარჯიანი.
ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი ეთერში ასევე რეგიონის დაბალ ცნობადობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვემო სვანეთზე ქართველებს ინფორმაცია არ აქვთ. მათ მხოლოდ მესტია და უშგული იციან, რითაც ზემო სვანეთს თავისი ნიშა უჭირავს, ხოლო ქვემო სვანეთის შესახებ ინფორმაცია არ არის ცნობილი.
„ვფიქრობ, რომ ქართველებისთვის ქვემო სვანეთი არ არის ცნობილი რეგიონი. მათ მხოლოდ მესტია და უშგული იციან. ძირითადად, ინფორმაცია ყველგან წარმოდგენილია ზემო სვანეთზე, რომელმაც ჩვენ ბაზარზე თავისი ნიშა დაიჭირა. ქვემო სვანეთი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი რეგიონი საქართველოში. ასევე, რაჭას უკვე თავისი ნიშა უჭირავს არაჩვეულებრივი მეღვინეობით. ანუ ყველამ ვიცით რას გვთავაზობს რაჭა, რას გვთავაზობს ზემო სვანეთი, თუმცა ქვემო სვანეთზე ინფორმაცია არ არის. არც რეგიონი მუშაობს, რომ მაგალითად პატარა ბიზნესები განვითარდეს და მცირე მეწარმეებს ხელი შეუწყოს“,- განაცხადა Roots Svaneti-ს დამფუძნებელმა.