ვახო მეგრელიშვილი: შემიძლია ვთქვა, რომ პარტიული პოლიტიკა ჩემთვის იდეაში დამთავრდა

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარტიული პოლიტიკიდან მიდის, თუმცა მისივე თქმით, “მომავალი პოლიტიკური ჰგონია”.

“10 წლის წინ ამ დროს გადავწყვიტე, რომ პოლიტიკაში ჩავრთულიყავი. 10 წელი გავიდა და მე მგონი 10 წელი საკმარისია, რომ პოლიტიკაში იყო ადამიანი, რაღაცა შეფასებაც უნდა გააკეთო. ისეთი სიტუაცია დადგა დღეს, რომ ალბათ შემიძლია ვთქვა, რომ პარტიული პოლიტიკა ჩემთვის იდეაში დამთავრდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ისევ პოლიტიკასთან, გირჩთან, სკოლასთან. საქართველოში ძალიან უცნაურია ხოლმე, რომ მიდიან ხოლმე პოლიტიკიდან, ქრებიან, ინტერვიუებს აღარ იძლევიან, მე ესე არ წარმომიდგენია პოლიტიკიდან წასვლა, სხვანაირად წარმომიდგენია.” – ამბობს იგი.

მეგრელიშვილი ამბობს, რომ იდეები, რომლითაც ის 10 წლის წინ პოლიტიკაში ჩაერთო, დღეს აღარ გამოიყურება რადიკალურად და ნიშურად. იგი ამის ერთ-ერთ მაგალითად -ს ასახელებს.

“ის, რომ მე ვიძახი – წავედი პოლიტიკიდან, უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ შემდეგ არჩევნებში არანაირ სიაში არ ვიქნები… უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ პარტიული პოლიტიკა ჩემი აზრით მართლა მორჩა და სხვა ადამიანები უნდა მოვიდნენ, ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს გირჩში, უნდა გადადგას ეს ნაბიჯი და ამის მაგალითის მიცემაა უბრალოდ საჭირო. ჩემი წასვლა პარტიული პოლიტიკიდან იმასაც ნიშნავს, რომ ჩემი პირდაპირი გავლენა პარტიულ სიაზე მკვეთრად შემცირდება, მეც ვაპირებ რომ გავყიდო ჩემი 10 მილიონი ჯედი, ოღონდ მინიმალური ფასი 100 000 დოლარი. თუ გამოჩნდება ვინმე, ვისაც უნდა, რომ გირჩის პარტიულ სიაში იყოს და პატიოსანი ადამიანია, შეუძლია ძალიან იაფად იყიდოს ადგილი პოლიტიკაში.” – ამბობს მეგრელიშვილი.