ისრაელის არმიამ შეცდომით „ჰამასის“ მიერ გატაცებულ ისრაელელ მძევლებს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაღუპულია სამი მძევალი.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღაზის ჩრდილოეთით ოპერაციის დროს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს მძევლები, რომლებიც შეცდომით საფრთხედ შეფასდნენ, რის გამოც სამხედროებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. დაღუპულია სამი ადამიანი. ცხედრების იდენტიფიცირების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ისინი მძევლები იყვნენ“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ.
ისრაელის სამხედროებმა პარასკევს მწუხარება გამოუცხადეს საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მძევლების ოჯახებს და განაცხადეს, რომ ინციდენტს აუცილებლად გამოძიებენ და პროცესი იქნება „გამჭვირვალე“
ჰაგარის განცხადებით, ამ „ტრაგიკულ ინციდენტზე” პასუხისმგებლობა ისრაელის თავდაცვის ძალებს ეკისრება.
· ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით გაიტაცეს.
· კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1 200-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 15 000-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასის” მიერ მართულ ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
