რატომ მიჰყავს “მოამბე” პროდიუსერს და არა წამყვანს

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის 6-საათიანი „მოამბე“ მიჰყავდა, „დროებით“ გაათავისუფლეს და 4 თებერვლიდან მას საზმაუს საინფორმაციო გამოშვება აღარ მიჰყავს. დღეს კი გადაცემა თავად „მოამბის“ პროდიუსერმა, მაია ჭუჭულაშვილმა წაიყვანა. მანამდე „მოამბე” მიჰყავდათ სხვა წამყვანებს, ჯერ მარიამ ვაშაძეს და შემდეგ ლიზა წიკლაურს.
გავრცელებული, თუმცა ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაციით, მიზეზი, რომ საინფორმაციო გამოშვება მის პროდიუსერს მიჰყავს, ის გახდა, რომ სხვა წამყვანები ერიდებიან ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ეთერში ჩანაცვლებას. ნეტგაზეთი ცდილობს ამ ინფორმაციის გადამოწმებას.
ივანოვ-ჩიქოვანი საჯაროდ აკრიტიკებდა არხს და მზია ამაღლობელის მიმართ უწყვეტად სოლიდარობის გამოხატავდა. მას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გამოშვების პროდიუსერებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. მოამბის ორმა პროდიუსერმა, მაია ჭუჭულაშვილმა და თამარ კენკიშვილმა განაცხადეს, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან აღარ იმუშავებდნენ.
„მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მე ჩემი გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი“, — თქვა 4 თებერვლის ბორდის სხდომაზე მაია ჭუჭულაშვილმა.
“სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. (საზოგადოებრივ მაუწყებელში) გავლენები არის, ხალხის ხმა არ ისმის. მე პოზიციას არ ვცვლი საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის და ამ პოზიციას არ შევიცვლი“, — ასეთი იყო ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის პოზიცია, რაც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზეც გააჟღერა 30 იანვარს, ცოტა ხნით ადრე მის გათავისუფლებამდე.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს გამართულ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე “მოამბის” პროდიუსერებმა, თქვენს მიერ საჯაროდ (მათ შორის ეთერში) გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია და თქვენთან, როგორც “მოამბეს” წამყვანთან, მუშაობის გაგრძელებაზე განაცხადეს უარი.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების, ასევე მაუწყებლის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 თებერვლიდან, არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაგევალებათ საინფორმაციო გამოშვება “მოამბეს” წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება”, – ეს იყო ოფიციალური განმარტება, რაც ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა, მისი თქმით, არხის მენეჯმენტისგან მიიღო.